კონსტანტინე ხარაბაძე
მეან-გინეკოლოგი
ბუნებრივი მშობიარობის პროცესი შეგვიძლია სამ ძირითად ეტაპად დავყოთ. ესენია:
მშობიარობის პირველი ეტაპი: საშვილოსნოს ყელის გახსნა მშობიარობის პირველი ეტაპი, თავის მხრივ იყოფა ორ ფაზად. პირველი, ადრეული ფაზა შედარებით მსუბუქი მოვლითი ტკივილებით ხასიათდება, რომლებიც ჯერ იმდენად ძლიერი და მტკივნეული არ არის, რომ ლაპარაკში და მოქმედებებში ხელი შეგიშალოთ. თუ ამის უკუჩვენება არ არსებობს, ექიმები ამ ფაზის სახლში გატარებას გირჩევენ და როდესაც მოვლითი ტკივილების ხანგრძლივობა 1 წუთს გასტანს და ყოველ 5 წუთში რეგულარულად გაგიმეორდებათ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, უკვე დროა რომ ექიმს მიაშუროთ. ძალიან მალე მშობიარობის პირველი ეტაპი მის მეორე, აქტიურ ფაზაში გადავა. ყელის გახსნის აქტიური ეტაპის დროს საშვილოსნოს ყელი უფრო ინტენსიურად და ძლიერად იწყებს გახსნას. მოვლითი ტკივილები უფრო ხშირი და ძლიერია. ისე, რომ უკვე მათ დროს ლაპარაკი არ შეგიძლიათ. ეს ეტაპი საშვილოსნოს ყელის სრულ (10 სმ დიამეტრზე) გახსნამდე გაგრძელდება. მოვლითი ტკივილები ახლა დაახლოებით 2-3 წუთში ერთხელ გაქვთ. ტკივილებს შორის დასვენება და სიარულიც შეგიძლიათ. ეს ფაზა დაახლოებით 4-8 საათი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. აქტიური ფაზის ბოლო ნაწილში ხდება საშვილოსნოს ყელის 8-დან 10 სანტიმეტრამდე გახსნა, ეს მშობიარობის ყველაზე ინტენსიური ფაზაა, მის დასასრულში თქვენ უკვე იგრძნობთ, რომ პატარა მენჯებისკენ წამოვიდა. შესაძლოა აგაკანკალოთ ან ჟრჟოლა დაგეწყოთ. ყელი ბოლომდე გახსნილია და ამით მშობიარობის პირველი ეტაპი დასრულებულია. მშობიარობის მეორე ეტაპი: ჭინთვები და ბავშვის დაბადება მშობიარობის მეორე ეტაპის დროს ხდება ნაყოფის დაშვება თქვენს მენჯის ღრუში და დაბადება. მოვლითი ტკივილები ახლა წინა ეტაპთან შედარებით გაიშვიათებულია, ეს ჭინთვებს შორის მომზადების და დასვენების საშუალებას მოგცემთ. საშვილოსნოს შეკუმშვა ნაყოფს გამოსასვლელისკენ უბიძგებს, და როდესაც ის საკმარისად დაეშვება, თქვენ გაჭინთვის სურვილი მოგეძალებათ. თუ მშობიარობა ბუნებრივად მიდის, მიყევით თქვენი სხეულის მოთხოვნებს და მაშინ გაიჭინთეთ, როდესაც ამის აუცილებლობას იგრძნობთ. უმეტეს სამშობიაროებში კი მიღებული პრაქტიკაა, რომ ბებიაქალმა გიკარნახოთ გაჭინთვის დრო და ეს ყოველი მოვლითი ტკივილის, ანუ საშვილოსნოს შეკუმშვის დროს მოხდეს. ამით მშობიარობის პროცესი უფრო სწრაფად მიდის. პატარას გამოსვლა თანდათან მოხდება. საშვილოსნოს ყოველი შეკუმშვისა და თქვენი ჭინთვის ზემოქმედებით ის წინ მოიწევს, მაგრამ საშვილოსნოს კუნთების მოდუნებისას ნაწილობრივ ისევ უკან იხევს. იპოვნეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზიცია ამ ეტაპისთვის, ზურგზე წოლა უნივერსალური და ყველასათვის მოსახერხებელი პოზა სულაც არ არის. გარკვეულ ეტაპზე იგრძნობთ რომ შორისი ძლიერ დაგეჭიმებათ. ამ მომენტში გამოჩნდება თქვენი პატარას თავი, რაც საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია. ჭინთვების საჭიროება სულ უფრო ხშირია და ყოველი გაჭინთვით თქვენი პატარას თავის სულ ეფრო მეტი ნაწილი მოჩანს. შორისის დაჭიმულობა სულ უფრო ძლიერი ხდება, შესაძლოა წვის შეგრძნება გაგიჩნდეთ ამ ადგილას. გარკვეულ ეტაპზე თქვენი ბებიაქალი გირჩევთ რომ ცოტა ხნით არ გაიჭინთოთ ან ნაკლები ძალით მიაწვეთ ნაყოფს. კარგი იქნება თუ შორისის კუნთების მოდუნებას შეძლებთ ამ მომენტში, რომ პატარას თავმა რბილად და ძლიერი ხახუნის გარეშე გამოიკვლის გზა და გაგიფართოვოთ საშო. საკმაოდ ძნელია გაჭინთვისგან თავი შეიკავოთ, იმიტომ რომ ამას თავად ორგანიზმი გთხოვთ. პატარას თავი თანდათან გამოვა, და როდესაც მისი ყველაზე განიერი მხარე გამოჩნდება, ძალიან მალე მას სრულად თავი, სახე და კისერი. მას პირსა და ცხვირს გაუსუფთავებენ, მოსინჯავენ მის კისერს, რომ ჭიპლარი არ ჰქონდეს შემოხვეული და თუ ასეა, მაშინ განასკვავენ და გადაჭრიან მას. ამასობაში თქვენი პატარას სხეული თქვენს მენჯენში მობრუნდები, რომ ამჯერად სათითაოდ მისი მხრები გამოვიდეს. და აი თქვენი პატარა უკვე გარეთაა. მას ისევ გაუთავისუფლებენ სასუნთქ გზებს თუ ამის საჭიროებაა, გაასუფთავებენ და შეახვევენ რომ არ გადაცივდეს. თუ გართულებები არ გაქვთ შესაძლოა მუცელზე დაგიწვინონ, რადგან თქვენს სხეულთან კონტაქტი ახლა მისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მის ჭიპლარს ორ ადგილას მომჭერებს გაუკეთებენ და როდესაც ჭიპლარში პულსაცია შეწყდება გადაჭრიან, ეს მის სხეულს დამატებით მოამარაგებს ჟანგბადით, სანამ მისი სუნთქვა დარეგულირდება. მაშასადამე, ეს მეტად ემოციური მომენტია, თქვენი პატარა სამყაროს მოევლინა და ახლა თქვენთანაა. მშობიარობის მეორე ეტაპიც ინდივიდუალურია და შესაძლოა რამდენიმე წუთიდან, რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს. საშუალოდ პირველად მშობიარეები ერთ საათს ანდომებენ ამ ეტაპს, მეორე და შემდეგ ჯერზე კი 20 წუთში პატარა გარეთაა. მშობიარობის მესამე ეტაპი: პლაცენტის გამოდევნა ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში თქვენი საშვილოსნო ისევ იწყებს შეკუმშვას. ამ შეკუმშვების დროს პლაცენტა შორდება საშვილოსნოს კედელს. ბებიაქალი გირჩევთ, როდის გაიჭინთოთ მის გამოსადევნად. ჩვეულებრივ ერთი მსუბუქი გაჭინთვით პლაცენტა გამოდის და მშობიარობის მესამე, ფინალური ეტაპიც 5-10 წუთი გრძელდება. ამის შემდეგ პლაცენტის გამოდევნის შემდეგ თქვენი საშვილოსნო ძლიერად შეიკუმშება და გამაგრდება. ამით შეწყდება სისხლდენა თქვენს საშვილოსნოში, პლაცენტის მიმაგრების ადგილას. დაახლოებით ჭიპის არეში იგრძნობთ საშვილოსნოს შეკუმშულ ბოლოს. თუ საშვილოსნო არ მაგრდება, შესაძლოა მასაჟი გაგიკეთონ ან სპეციალური მედიკამენტით დააჩქარონ მისი შეკუმშვა. საშვილოსნოს შეკუმშვას ასევე ეხმარება ძუძუთი კვება, ასე რომ მოაწოვეთ თქვენს პატარას, ეს მისთვისაც მეტად სასარგებლოა. მშობიარობის შემდეგ რამდენიმე შეკუმშვას იგრძნობთ, რაც ძლიერ გავს მენსტრუაციის წინა ტკივილს, მხოლოდ უფრო ძლიერია. ბებიაქლი შეამოწმებს პლაცენტას, რომ დარწმუნდეს, რომ ის სრულად აშრევდა და გამოიდევნა გარეთ. შეამოწმებს თქვენს შორისსაც, და თუ საჭიროა ნაკერებს დაგადებთ. მშობიარობა დასრულებულია, თქვენი პატარა თქვენს გვერდითაა და თუ მისი მდგომარეობა არ მოითხოვს საპირისპიროს, დრო მასთან გაატარეთ. |
Details
AuthorWrite something about yourself. No need to be fancy, just an overview. ArchivesCategories |