იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

22/4/2022

ორსულობის პერიოდის ყველაზე ხშირი ჩივილები

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობის მიმდინარეობისას ქალის ორგანიზმი დიდ ცვლილებებს განიცდის. ამ ფონზე ჩნდება სხვადასხვა ჩივილები, რომლებიც, როგორც წესი, არაა ძალიან შემაწუხებელი და ქრება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ფეხმძიმობისავე პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ამ ჩივილების ინტენსივობა, გარკვეულწილად, ქალის ზოგად ფსიქიკურ ფონზე (ხასიათზე) და განწყობაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ქალი ორსულობას: როგორც ბედნიერ ცვლილებას მის ცხოვრებაში, თუ როგორც შემაწუხებელ მოვლენას.

ორსულს გულისრევა და ღებინება აწუხებს ორსულობის მე-6-დან მე-14 კვირამდე; უხშირესად ამას “დილის გულისრევის" სახე აქვს, თუმცა, შეიძლება, ეს მთელი დღის განმავლობაშიც გრძელდებოდეს. ამ სიმპტომს, გარკვეულწილად, ჰორმონული ფონის ცვლილებას უკავშირებენ. გულისრევის შესამცირებლად უნდა იკვებოთ მცირე ულუფებით, რაციონიდან ამოიღოთ ზედმეტად ცხიმიანი, ცხარე და ტკბილი საკვები.

გულძმარვა შეიძლება მთელი ორსულობის მანძილზე გაწუხებდეთ. მის შესამსუბუქებლად უნდა იკვებოთ მცირე ულუფებით, მოერიდოთ ცხარე, ზედმეტად ტკბილ, ტომატიან და შებოლილ პროდუქტს;

 ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრ ქალს გახშირებული შარდვა აღენიშნება. ეს ჰორმონული ცვლილებების და შარდის ბუშტზე მომატებული ზომის საშვილოსნოს ზეწოლის ბრალია. იზრდება საშარდე გზების (შარდის ბუშტის და შარდსადენის) ინფექციის განვითარების ალბათობაც, რის თავიდან ასაცილებლადაც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და შეამციროთ სუფრის მარილის მოხმარება.

ადვილად დაღლა, ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვისას დამახასიათებელია ორსულობის პირველი 12-15 კვირისათვის. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ეცადეთ ხშირად დაისვენოთ, უფრო ადრე დაწვეთ დასაძინებლად. ამასთანავე, სისუსტე, შეიძლება, ანემიის (სისხლნაკლებობის) ერთ-ერთი გამოვლინებაც იყოს.

ყაბზობას ბევრი მიზეზი აქვს: ჰორმონული ცვლილებები, ზომაში მომატებული საშვილოსნოს ზეწოლა მსხვილ და სწორ ნაწლავებზე და ამით მათში საკვების გადადინების შეფერხება, ანემიის გამო რკინის შემცველი ტაბლეტებით მკურნალობა. ყაბზობის თავიდან აცილება შეიძლება დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა წყლის, მაწვნის და უზმოზე უმი ბოსტნეულის და ხილის მიღებით.

მკერდის მგრძნობიარობა და მტკივნეულობა ორსულობის ადრეულ ეტაპზე იჩენს თავს და გაივლის პირველი სამი თვის შემდეგ. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ატარეთ კომფორტული (არა ვიწრო) ბიუსტჰალტერი.

კანის ქავილი აწუხებს ორსულთა 20%-ს, თუ ქავილი მუცელზეა, ეს მუცლის ზომაში მომატების შედეგად კანის დაჭიმვითაა გამოწვეული. ხელის და ფეხისგულების ქავილს ჰორმონული ცვლილებები იწვევს, ხოლო მესამე ტრიმესტრში მთელი კანის ქავილი შეიძლება საშვილოსნოს ნაღვლის ბუშტზე ზეწოლით გამოწვეული ნაღვლის შეგუბების შედეგი იყოს.

წელის ტკივილი თავს იჩენს ორსულობის მოგვიანებით პერიოდში და გამოწვეულია ხერხემლის დატვირთვის მკვეთრი ზრდით რასაც, თავის მხრივ, მუცლის და მკერდის ზომაში და წონაში მატება იწვევს. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ხშირად წამოწვეთ დასასვენებლად და იხმაროთ ორთოპედიული ლეიბი.

წვივების კუნთების ტკივილი და კრუნჩხვითი შეკუმშვები გამოწვეულია მომატებული წონის ტანის ზეწოლით ქვედა კიდურებზე, სისხლის შედედების უნარის მატებით, დედის ორგანიზმში კალციუმის შემცველობის კლებით. ამ სიმპტომების შემსუბუქება შემცირება შეიძლება ხშირი დასვენებით, წოლისას და ჯდომისას და ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობით, სიარულით, მსუბუქი მასაჟით და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობით.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება ძირითადად ქვედა კიდურებში ვითარდება და გამოწვეულია საშვილოსნოს ზეწოლით ბარძაყის ვენებზე, რაც ქვემო კიდურების ვენების დატვირთვას და მათში სისხლის შეგუბებას იწვევს. გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში მომატებული ზოგიერთი ჰორმონი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას. ეს ნიშანი, უხშირესად, ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ. ვენების გაგანიერების ერთ-ერთი გამოვლინებაა ჰემოროიდული კვანძები ანუ ბუასილი, რაც შეიძლება გაუარესდეს ყაბზობის ან მშობიარობისას ჭინთვების ფონზე. პროფილაქტიკა: ორსულთა ბანდაჟის, ან ქამრის ტარება, ნაწლავების მოქმედების მოწესრიგება, მოერიდეთ დიდხანს დგომას და ჯდომას, ხშირად იარეთ და წამოწექით დასასვენებლად.

ქალი ორსულობის პერიოდში ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე ხდება. ის უფრო მძაფრად განიცდის როგორც დადებით, ისე უარყოფით მოვლენებს. ამიტომ გარშემომყოფებს მეტი მოთმინება მართებთ: ეს განსაკუთრებით მეუღლეებს ეხება, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში ქალები ყველაზე მტკივნეულად მეუღლესთან უთანხმოებას და ფინანსურ პრობლემებს განიცდიან.

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი