იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

24/5/2022

რა უნდა ვიცოდეთ ახალშობილის მოვლის შესახებ

Comments

Read Now
 
Picture
პედიატრია - ვრცლად
ბავშვის მომავალი, შემდგომი ჯანმრთელობა და ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად და ზედმიწევნით უვლით ახალშობილს

სისუფთავე

სისუფთავე - ჯანმრთელობის საწინდარია. იმ ოთახში (და სასურველია მთელ სახლში) სადაც ახალშობილია უნდა იყოს სისუფთავე. საუბარი არ არის სრულ სტერილურობაზე და დეზინფექციაზე, მაგრამ ყოველდღიური დასუფთავება წყლით აუცილებელია. ახალშობილის  ოთახში ცოცხის და მშრალი მტვერის  ჩვარის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მტვერი შეიცავს მიკრობებს, ამიტომ საჭიროა ნოტიო (სველი) დასუფთავება. სანამ დედა ჩვილს ხელში აიყვანს, აუცილებლად ხელი უნდა დაიბანოს. ფრჩხილები დაჭრილი უნდა ჰქონდეს, თითოეული კვების წინ (ძუძუთი კვების შემთხვევაში) მკერდი უნდა მოიბანოს თბილი წყლით. ახალბედა დედიკოები ხშირად საწოვარას ან კოვზს ალოკავენ ხოლმე, ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ყველას პირის ღრუში უამრავი ბაქტერიაა. არ მისცეთ მეგობრებს და ნაცნობებს ბავშვის ხელში აყვანის და/ან კოცნის უფლება, ერთი-ორი თვის შემდეგ კი ეს უკვე დასაშვები იქნება.

ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი

ბავშვის ოთახში ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს + 25 °C, ოპტიმალურია + 22 °. ასეთი ტემპერატურა დადებითად მოქმედებს ჩვილის ნივთიერებათა ცვლაზე, მის ზრდასა და განვითარებაზე. ტენიანობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 40-60%-ს. მაღალი ტენიანობა იწვევს გადახურებას, ხოლო ნორმაზე დაბალი ინფექციებისადმი ნაკლებად დაცულს გახდის ბავშვს. სასურველია შეიძინოთ ჰაერის დამატენიანებელი. რეგულარულად გაანიავეთ ოთახი (რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც ჩვილი იქ არ იმყოფება). სასურველია ოთახის განიავება დღეში 4-5ჯერ, 10-30 წუთის განმავლობაში წელიწადის სეზონის გათვალისწინებით.

დილის ტუალეტი

პატარა დააწვინეთ გამოსაცვლელ მაგიდაზე ან სპეციალურ ტუმბოზე, გახადეთ, გაუხსენით ტანსაცმელი და ზედმიწევნით დაათვალიერეთ მისი კანი, სადმე გამონაყარი ან ლაქები ხომ არ გაჩნდა. შემდეგ, თბილი წყლით დაბანეთ სახე და ხელი. გაუწმინდეთ თვალები, გარე კუთხიდან შიდა კუთხისკენ მიმართულებით. თითოეული თვალისათვის სხვადსხვა ბამბის ქულა გამოიყენეთ. იმ შემთხვევაში თუ ჩვილის თვალზე გაღიზიანების ან ჩირქის ნიშნები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. პირის ღრუს არაფრით არ ვამუშავებთ, მაგრამ ყოველდღე დააკვირდით, ნადები ხომ არ გაჩნდა. ცხვირის გაწმენდა ხორციელდება საბავშვო კოსმეტიკურ ზეთში ამოვლებული ბამბის ჩალიჩით, ნაზი ხრახნისებრი მოძრაობით. ჩვილის ყურის გაწმენდა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. სასურველია სპეციალური, ჩვილებისათვის განკუთვნილი ყურის საწმენდები გამოიყენოთ. ახალშობილის ფრჩხილების დაჭრა საპასუხისმგებლო საქმეა და ბევრ ახალბედა დედას ეშინია ამის გაკეთება. გამოიყენეთ სპეციალური მაკრატელი ან ასეთივე ფრჩხილის საკვნეტელა. შეგიძლიათ პირველად ჩვილს ფრჩხილები ძილის დროს დააჭრათ, შემდგომში ამ პროცედურის ჩატარება გაგიადვილდებათ.
გოგოების სასქესო ორგანოები გაწმინდეთ სპეციალური სველი ხელსახოცით ან საბავშვო კოსმეტიკურ ზეთში ამოვლებული ბამბის ქულით. მნიშვნელოვანია გაწმენდისას მოძრაობის მიმართულება იყოს ბაგეებიდან დუნდულებისკენ და არა პირიქით. ბიჭების გენიტალიის გაწმენდის დროს, სასქესო ორგანოს თავის გადაწევა საჭირო არ არის. ჩვილის თმის შეჭრა საჭირო არ არის, დავარცხნეთ იგი სპეციალური რბილი თმის ჯაგრისით.

ახალშობილის ბანაობა

სასურველია ახალშობილი ყოველდღიურად აბანაოთ, რა თქმა უნდა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. როგორც წესი, პატარას საღამოს კვების წინ აბანავებენ. წყლის ტემპერატურა +36-37 °C უნდა იყოს. თუმცა ზოგ ჩვილს უფრო თბილი წყალი მოსწონს, ამიტომ დააკვირდით თქვენ პატარას. საგულდაგულოდ გარეცხეთ ბაოს აბაზანა. სასურველია აბაზანაში ჩაამატოთ სხვადასხვა სასარგებლო ბალახის ნაყენი (პედიატრის რჩევის გათვალისწინებით).

ახალშობილის კანის მოვლა

ახალშობილის კანი ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო მოწყვლადია, მიდრეკილია გაღიზიანებისადმი და მოითხოვს საგულდაგულო მოვლას. ამ მიზეზის გამო, შექმნილია სპეციალური საბავშვო კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი, რომელიც სათუთად წმენდს, კვებავს და ატენიანებს ბავშვის კანს, არ აღიზიანებს თვალს. ბაოს კოსმეტიკის შერჩევა ინდივიდუალური პროცესია. მთავარი კრიტერიუმია - მოვლის საშუალება უნდა იყოს რბილი და უხდებოდეს თქვენი პატარას კანს.  გახსოვდეთ, რომ ბავშვის კანის მოვლის პროცესში გარკვეული ზომიერებაც არის საჭირო. ასე მაგალითად, არ არის საჭირო, ბაოს ტანის ყოველდღიურად ზეთით მთლიანად დაფარვა, ეს თერმორეგულაციას უშლის ხელს. კანი უნდა სუნთქავდეს. თუ კანი განსაკუთრებულად მშრალია, მაშინ კრემი ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ, მაგრამ ძალიან თხელ ფენად უნდა დაატანოთ კანზე.

ბავშვის ძილის ადგილი

ახალშობილს სჭირდება საკუთარი საწოლი. კარგად დაფიქრდით სად უნდა დაიდგას ის. მასში ახალშობილი კომფორტულად  უნდა გრძნობდეს თავს. საწოლი უნდა დაიდგას ოთახის ნათელ ნაწილში. საწოლი არ უნდა დაიდგას ჰაერის ორპირი მოძრაობის ზონაში, მაგრამ მისი მთლიანად შემოკვრა ქსოვილით ან სპეციალური კომპლექტით არ არის საჭირო. ჩვილისათვის სასურველია შევიძინოთ  სიმაღლის რეგულირების ფუნქციის მქონე საწოლი. ახალშობილის ლეიბი უნდა იყოს მყარი. ბალიში 1 წლის ასაკამდე რეკომენდებული არ არის.

ახალშობილის პირველი გარდერობი

ახალშობილის ტანსაცმელი დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური ქსოვილებისაგან. ტანისამოსის არჩევანი ძირითადად დამოკიდებულია წელიწადის დროზე. არავითარ შემთხვევაში არ დააფაროთ პაწაწუნას რამდენიმე საბანი, რადგან ორგანიზმის სისტემატიურმა გადახურებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოება. არსებობს ასეთი წესი: რაც თავად გაცვიათ, იმაზე ერთი შრით მეტი ჩააცვით ჩვილს. არ ჩააცვათ პატარას ისეთი რამ, რაც მის მოძრაობებს შეზღუდავს.
3-4 კვირის ბაოს ვაცვამთ შიდა შარვალს, თხელ კომბინეზონს. ამ ასაკამდე რეკომენდებულია პატარას გახვევა, ოღონდ არა მჭიდროდ.  ჩვილის ხელები სახვევში არ ჩააყოლოთ, ხოლო ღამით, ხელებითურთ გაახვიეთ, რათა მან უნებლიე მოძრაობებით საკუთარი თავი არ გააღვიძოს. თუმცა ბევრი დედა დაბადებიდანვე ჩვილს ტანსაცმელს აცვამს. სახლში სასურველია ეხუროს თხელი ქუდი (სახლში არსებული პირობების შესაბამისად).

ახალშობილის ჭიპის დამუშავება

ახალშობილის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და მოწყვლადი ადგილია ჭიპი, ამიტომ საგულდაგულო მოვლას საჭიროებს. ჭიპის შეხორცებას თვალს ადევნებს ექიმი-პედიატრი, რომელიც თქვენს ჩვილს კურირებს. თუ თქვენს ბაოს ფართო, დიდი ჭიპი აქვს, პედიატრმა შესაძლოა არ გირჩიოთ ახალშობილის დაბანა, რადგან მაღალია ჭრილობის ინფიცირების რისკი. ჭიპის დამუშავება აუცილებელია ყოველდღე. პირველ რიგში საჭიროა 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით დასველებული ყურის საწმენდით ან ბამბის ტამპონით გავასუფთავოთ ჭრილობა. შემდეგ, აიღეთ სუფთა ყურის საწმენდი ბრილიანტის მწვანეში დაასველეთ და ნაზად დაატანეთ ჭრილობაზე. ეს პროცედურა ჩაატარეთ დღეში ერთხელ ბანაობის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ, ჭიპზე სისველე ან სისხლი შეამჩნიეთ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

ამოსაფენები და ჰაერის აბაზანები

თანამედროვე ახალშობილის ერთჯერადი ამოსაფენის გარეშე  წარმოდგენა უკვე თითქმის შეუძლებელია. ამოსაფენები დამკვიდრდა დღევანდელი მშობლების ცხოვრებაში, რითაც საკმაოდ გაადვილდა ბავშვის მოვლა. უკვე რთული წარმოსადგენია, თუ როგორ  ახერხებდნენ ჩვენი დედები და ბებიები დოლბანდის ამოსაფენებით ჩვილის მოვლას, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალშობილი დღეში დაახლოებით 25ჯერ შარდავს და კუჭში გადის საშუალოდ 5ჯერ. გარდა ამისა, დოლბანდის გამოყენება ხშირად იწვევს დერმატიტს. ერთჯერადი ამოსაფენების გამოცვლა სასურველია ხშირად. არ დაგავიწყდეთ, შეძლებისდაგვარად ხშირად ჩაუტაროთ თქვენს პატარას ჰაერის აბაზანები. სასურველია ჩვილი ამოსაფენის გარეშე გყავდეთ საერთო ჯამში დღეში 2 საათის განმავლობაში.

ახალშობილის გასეირნება

ჩვილის გასეირნებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ წელიწადის დრო. ზამთარში ჩვილის ჰაერზე ყოფნის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 40 წუთს. ზაფხულში 2 საათამდე, დღეში ორჯერ. პირველი გასეირნების ხანგრძლივობაა (სამშობიაროდან გამოწერიდან მე-3 ან მე-5 დღეს) არაუმეტეს 10-15 წუთისა, თუ გარეთ -5°C-ზე დაბალი ტემპერატურაა, გასეირნებაზე უარი უნდა თქვათ. თავიდან ჩვილი აივანზე გაიყვანეთ, შემდეგ გარეთ ცოტა ხნით გაიყვანეთ და უკვე რამდენიმე  დღეში, ეზოში ან პარკში გაასეირნეთ. ეცადეთ ჩვილი წვიმიან და ქარიან ამინდში გარეთ არ გაიყვანოთ. ბავშვს ამინდის შესაბამისად ჩააცვით. ზაფხულში დააფარეთ მსუბუქი, თხელი საბანი. მწერებისაგან დასაცავად გამოგადგებათ სპეციალური ბადე.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი