იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

31/3/2022

ცრუ კრუპი სკოლამდელი ასაკის ბავშვებში

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია
ცრუ კრუპი ანუ მწვავედ მიმდინარე მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტი ერთბაშად ვითარდება. ის მხოლოდ ბავშვობის ასაკში გვხვდება, ისიც - 5 წლამდე. ახალშობილებსა და 6 თვემდე ასაკის ჩვილებს ის თითქმის არ ემართებათ. ცრუ კრუპი, როგორც სინდრომი, ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს. ​

ცრუ კრუპი ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების - ხორხის დიფტერიის დროს. მათი სიმპტომები ერთნაირია, მაგრამ მიზეზია სხვადასხვა. დიფტერიის დროს ამ სიმპტომებს იწვევს ხორხში წარმოქმნილი ფიბრინული ნადები, რომელიც ავიწროებს ხორხის სანათურს. ჰაერს შევიწროებულ ხორხში გავლა უჭირს და იქმნება მოხრჩობის შეგრძნება. თუ სათანადო ზომები არ მივიღეთ, ნადების წარმოქმნა გაგრძელდება და შედეგიც უმძიმესი იქნება. ცრუ კრუპის დროს ნადები არ ჩნდება, ხორხის სტენოზის (შევიწროების) მიზეზი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების შეშუპებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ცრუ კრუპი ზედა სასუნთქი გზების ინფექციათა ტიპური გართულებაა. ეს იმით აიხსნება, რომ ამ ასაკში სასუნთქ სისტემას აქვს ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, კერძოდ:
  • ხორხი შედარებით ვიწროა;
  • უხვად მარაგდება სისხლძარღვებით;
  • არსებობს ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული და კარგად განვითარებული ლიმფური კვანძები (ორგანიზმში ვირუსების შეჭრაზე პირველად სწორედ ლიმფური ჯირკვლები რეაგირებენ და მიკრობებს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ).
ასაკობრივი ანატომიური თავისებურებები იმას არ ნიშნავს, რომ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს ცრუ კრუპი ყველა ბავშვს განუვითარდება.

ცრუ კრუპი უმთავრესად თან სდევს მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებს, მათ შორის პარაგრიპს (I ტიპის ვირუსი იწვევს კრუპის მძიმე ფორმებს და ვაჟებში უფრო ხშირად გვხვდება), გრიპს და ადენოვირუსულ ინფექციას. ცრუ კრუპის შეტევა შესაძლოა განვითარდეს ბავშვთა ისეთი ინეფქციური დაავადებების დროსაც, როგორიც არის ყივანახველა, წითელა და ქუნთრუშა.

როგორც აღვნიშნეთ, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დროს ცრუ კრუპი სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვს არ ემართება. არსებობენ ბავშვები, უფრო მეტად განწყობილნი ცრუ კრუპის მიმართ. ეს ის კატეგორიაა, ვინც დაბადებისას მიიღო ტრავმა, დაიბადა დღენაკლული ან აღენიშნება ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილება (ექსუდაციური დიათეზი). ასეთ ბავშვებს ცრუ კრუპი შესაძლოა რამდენიმეჯერ, ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციის ნებისმიერ სტადიაში, თანაც მძიმე ფორმით განუვითარდეთ.

ცრუ კრუპი ვლინდება შეტევის სახით, მოულოდნელად და ერთბაშად, უმთავრესად ღამით, უფრო ზუსტად, გამთენიისას. ბავშვი იღვიძებს, საწოლში წამოჯდება და ეწყება უხეში, მყეფავი, მშრალი ხველა, რომელსაც თან სდევს ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი, ხშირი სუნთქვა (ვინაიდან ხორხი შევიწროებულია, ბავშვი საჭირო მოცულობის ჰაერს ვერ ჩაისუნთქავს, ამიტომ ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას სუნთქვის გახშირებით ინაზღაურებს).

თუ პატარას დროულად არ გავუწიეთ სამედიცინო დახმარება, სტენოზი პროგრესირებს, სუნთქვა უფრო და უფრო მეტად ჭირს, უფრო და უფრო ზედაპირული ხდება, სუნთქვითი მოძრაობები კი წუთში 40-50-ს აღწევს (ნორმაში ამ ასაკის ბავშვი წუთში 20-30-ჯერ ჩაისუნთქავს). ბავშვს სახე უწითლდება, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება, კანიც მოლურჯო ელფერს იღებს. თუ ჟანგბადოვანი შიმშილი დიდხანს გაგრძელდა, ბავშვი ფითრდება, გონებას კარგავს და შესაძლოა, მოხრჩობა განვითარდეს. კრუპის პირველი ნიშნებისთანავე, განურჩევლად დაავადების ფორმისა და სტადიისა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

სასწრაფოს მოსვლამდე:
  • დაამშვიდეთ ბავშვი. მას, იმის გამო, რომ ვერ სუნთქავს, ეწყება პანიკა, ტირის, ყვირის, აგზნებულია, ითხოვს შველას. ისტერიკა დამატებით სპაზმებს იწვევს და ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. უთხარით ბავშვს: ”დედიკო შენს გვერდითაა, ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება”. დაარწმუნეთ, რომ როგორც კი ყვირილსა და ტირილს შეწყვეტს, სუნთქვა მაშინვე გაუადვილდება.
  •  მიაწოდეთ სუფთა ჰაერი. ვიდრე დედა ბავშვს ამშვიდებს, ოჯახის სხვა წევრმა სარკმელი უნდა გამოაღოს. თუ ზამთარია და ყინავს, ფანჯარა მეორე ოთახში გამოაღეთ. დაიმახსოვრეთ: ცივი, კონტრასტული ჰაერი თვითონვე იწვევს სპაზმს.
  • დაალევინეთ თბილი სითხე. უმჯობესია, ეს იყოს ტუტე ხსნარი - თბილი ბორჯომიანი რძე. თუ დამოუკიდებლად სმა უჭირს, მიეცით კოვზით.
ყველაფერი ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამაში ოჯახის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას, გაინაწილებენ ფუნქციებს და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.

​გახსოვდეთ: კრუპის სინდრომი შეტევის მოხსნის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს, ბავშვის დატვირთვისას: მოძრაობის, სიცილის, ტირილის, გაღიზიანების დროს ბავშვს ეწყება სტრიდორული, ხმაურიანი სუნთქვა. თუ სტრიდორული სუნთქვა ”მშვიდ მდგომარეობაში” ისმის - ეს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებაზე მეტყველებს. სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება სასუნთქი გზების ობსტრუქცია განვითარდეს.

​თუ თქვენი პატარა კრუპის განვითარებისკენ არის მიდრეკილი, ურიგო არ იქნება, თუ ავადმყოფობის პირველი ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი) მიიღებთ შემდეგ ზომებს: დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე დაატენიანეთ ბავშვის საწოლი ოთახის ჰაერი; ოთახში, ელექტროქურაზე, აადუღეთ სოდიანი წყალი და დაელოდეთ, ვიდრე ორთქლი კარგად დატრიალდება.
  • მოარიდეთ ბავშვი ცივ ჰაერს (ნუ გაუშვებთ თბილი ოთახიდან აივანზე ან ეზოში) და სითხეს.
  • ძილის წინ გაუკეთეთ ფეხის თბილი აბაზანები.
​
შესაძლებელია ცივი ორთქლის ინჰალატორის შეძენა და ეპინეფრინის ინჰალაციების ჩატარებაც, მაგრამ მაინც სჯობს, ეს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს, რადგან ეპინეფრინის ჭარბი დოზით მიღება არტერიული წნევის მომატებას იწვევს.
​
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კრუპისთვის დამახასიათებელი ნიშნების ტრიადას:
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ხმაურიანი სუნთქვა;
  • მყეფავი, მშრალი ხველა.
ამ ნიშნების შემჩნევისთანავე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან თქვენ თვითონ წაიყვანეთ პატარა სპეციალიზებულ საავადმყოფოში.
ბავშვის მოვლა და პედიატრია
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი