იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

12/7/2022

გაციება და გრიპი ორსულებში

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
პირველი, რაც გრიპის შესახებ უნდა ვიცოდეთ, მისი ვირუსული ბუნებაა. ის არ ვითარდება მარტო იმიტომ, რომ, მაგალითად, ფეხები დაგისველდათ და გაცივდით. გრიპი გადამდებია და ვირუსის მატარებელ წყაროსთან კონტაქტით გადადის. არსებობს მისი სამი სახეობა ა, ბე და ცე. სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, გრიპის მიმართ ორგანიზმი მყარ იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს და ერთხელ გადატანის შემთხვევაში მისგან დაზღვეული ვერ იქნებით. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის გენეტიკურ ცვლილებებს. ამ თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო ა ტიპის ვირუსია. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს ხშირად სეზონურ ეპიდემიებს და გლობალურ პანდემიას. ბე ტიპის ვირუსი შედარებით ნაკლები ცვლილებებით ხასიათდება, ხოლო ცე ტიპი ამ თვისებას პრაქტიკულად მოკლებულია. 

მომავალი დედის დაავადების ალბათობა მკვეთრად მატულობს ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რადგან ამ პერიოდში ქალის ორგანიზმი შედარებით მგრძნობიარეა ინფექციების მიმართ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ორსულთა დაახლოებით 55–82% სწორედ მესამე ტრიმესტრში ავადმყოფობს. ამასთან, ბევრ შემთხვევაში ინფექცია უფრო გართულებულია და ხანგრძლივი ფორმით მიმდინარეობს. 

ვირუსული ტოქსინების მავნე ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ სუსტდება, ირღვევა იმუნური და ენდოკრინული სისტემების მუშაობის პროცესიც, თავს იჩენს ქრონიკული დაავადებების რეციდივები, ისეთის, როგორიცაა პიელონეფრიტი, ართრიტი, ტონზილიტი და სხვა. 

რაც შეეხება ინკუბაციურ პერიოდს, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გაჩენამდე რამდენიმე საათიდან 1–2 დღემდეა საჭირო. 

დაავადების სიმპტომები 

სახსრების ტკივილი – როგორც წესი, კლასიკური გრიპი საკმაოდ მწვავედ იწყება. უცაბედად იჩენს თავს მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე. ავადმყოფობის პირველ დღეებში ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და შესაძლოა მაჩვენებელმა 40 გრადუსს მიაღწიოს. 3–4 დღის შემდეგ ის კლებას იწყებს, მაგრამ ავადმყოფობის პერიოდი ერთ კვირამდე მაინც გრძელდება. 

ინტოქსიკაცია – კლასიკური გრიპის სურათი საკმაოდ სწრაფად იკვეთება. ყელი და ნუშურა ჯირკვლები წითლდება, თავს იჩენს პირის სიმშრალე, გართულებულია ცხვირით სუნთქვა. როგორც კი ორგანიზმის ტემპერატურა მოიმატებს, მაშინვე თავს იჩენს თავის, კუნთების, მუცლის არეში ტკივილი, სახსრებში მტვრევის შეგრძნება, ირღვევა ნორმალური ძილის პროცესი. გრიპი გარეგნობაზეც აისახება. მკვეთრად გამოხატულია სიფერმკრთალე, ღაწვების შეწითლება, ტუჩების გარშემო მოლურჯო ფერი. 2–3 დღის შემდეგ ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტდება, სამაგიეროდ თავს იჩენს ხველა და ცხვირიდან გამონადენი. 

რა მდგომარეობაშია პატარა 

გრიპით დასნებოვნების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, რა გზის მოხვდა ვირუსი ორგანიზმში. ვირუსი, რომელიც ზედა სასუნთქი გზებით ხვდება ორგანიზმში, ინტენსიურად იწყებს გამრავლებას და ტოქსინების გამოყოფას, რომლებიც შემდგომ აბსოლუტურად ყველა ორგანოსა და სისტემას მოიცავს. ორსულობის შემთხვევაში ვირუსი ნაყოფზეც ახდენს ზემოქმედებას, რადგან სისხლით ის პლაცენტაშიც აღწევს. გრიპის ვირუსი ნეგატიურად მოქმედებს მზარდ ნაყოფზე და ამ დროს ბევრი რამაა დამოკიდებული ორსულობის ვადაზე. 

პირველი ტრიმესტრი – განსაკუთრებით მწვავედ და მძიმედ გადასატანია გრიპი, თუ მომავალი დედიკო ორსულობის 12 კვირამდე დაავადდა, ანუ მაშინ, როდესაც ნაყოფის შინაგანი ორგანოები ფორმულირდება. ვირუსმა შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის ნორმალური განვითარება და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. ყველაზე უარეს შემთხვევაში შესაძლოა ნაყოფი დაიღუპოს. 

მეორე და მესამე ტრიმესტრი – ამ დროს, წინა შემთხვევასთან შედარებით, ვირუსი ნაკლებად სახიფათოა ჩანასახის სიცოცხლისათვის, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დარღვევები, როგორიცაა ნაყოფის ჰიპოფსია, მისი იმუნური სისტემის დაქვეითება, სასუნთქი სისტემების პათოლოგიები. 

გრიპის ვირუსი უარყოფითად მოქმედებს პლაცენტაზეც. შესაძლებელია გამოიწვიოს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს დამატებით მკურნალობას. 

ყველაფერი მარტივია 

გრიპის დიაგნოსტიკა რთული არ არის. იმისათვის, რომ ამ დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები აიცილოთ, საჭიროა მისი პროფილაქტიკა და მაქსიმალური თავდაცვა, განსაკუთრებით, თუ ორსულად ხართ. პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე მომენტალურად უნდა დაიწყოთ ვირუსთან ბრძოლა. დალიოთ ლიმონიანი ან მწვანე ჩაი, 1–2 დღე წოლითი რეჟიმი დაიცვათ, მიიღოთ ასკორბინის მჟავა. 

სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში საწყის სტადიაზე ვირუსთან გამკლავება ძნელია, ორსულობის პერიოდში კი ეს საკითხი დიდ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. არსებობს შემთხვევები, როცა დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. მაგალითად, თუ გრიპის გართულებამ თავი იჩინა პნევმონიის სახით, ადგილი აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზულ დარღვევას, მოხდა ქრონიკული დაავადებების პროვოცირება, მაგალითად, პიელონეფრიტი, გულ–სისხლძარღვოვანი გართულებები. 

სასურველია 3–4 დღე წოლითი რეჟიმის დაცვა; 
ოთახის ხშირი განიავება; 
ყოველდღიურად სახლის სველი წესით დალაგება. 

კვება 

გრიპით დაავადებული ორსულის შემთხვევაში კვებას ორმაგად დიდი დატვირთვა აქვს. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი და უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით კვებით ნივთიერებებს. არ დაივიწყოთ სითხეებიც – ნატურალური წვენები, ჩაი, კომპოტები. ეცადეთ, გრიპის დროს სითხე დიდი რაოდენობით მიიღოთ, რათა იოლად გაუმკლავდეთ ინტოქსიკაციას. 

დავლიოთ თუ არა წამლები 

ორსულობის პერიოდში გრიპთან წამლებით ბრძოლა ერთობ საფრთხილოა. არავითარ შემთხვევაში მიიღოთ ესა თუ ის პრეპარტი თვითნებურად. წამლის მიღების წინ აუცილებლად გაეცანით ანოტაციას და ნახეთ, არის თუ არა რეკომენდებული მისი დალევა ოსრულებისთვის. რაც შეეხება სიცხისდამწევებს, 38 გრადუსზე დაბალის შემთხვევაში მათი მიღება საჭირო არ არის. მაღალი სიცხის დროს კი მათი შერჩევა ექიმს მიანდეთ. 

თუ ხველა აღგენიშნებათ, მასთან ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ. მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული ამოსახველებელი მიქსტურები დაგეხმარებათ, დროულად და ადვილად გაუმკლავდეთ ხველას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება, მით უფრო, ისეთ საპასუხისმგებლო ეტაპზე, როგორიცაა ორსულობა. ამით შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოთ ნაყოფს. 

ავადმყოფობის ჩამთავრების შემდეგ სასურველია გარკვეული სახის ანალიზების და გამოკვლევების ჩატარება იმის გასარკვევად, როგორია თქვენი და თქვენი მომავალი პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა. 
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი