იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

31/3/2022

ახალშობილის დაბანა და სხეულის ჰიგიენა

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
ყოველდღე პირველი ან მეორე კვების წინ ბავშვს  საჭიროა ჩაუტაროთ დილის ტუალეტი: ხელ-პირის დაბანა, ყურების, თვალების, ცხვირის გაწმენდა, კანის ნაკეცების მოვლა, ჭიპლარის დამუშავება.

თუმცა ყოველდღიური პროცედურების გრაფიკი შეგიძლიათ შეცვალოთ, ისე როგორც თქვენთვის და ბავშვისთვის იქნება მოხერხებული, მთავარია დაიცვათ ძირითადი წესები. როგორც წესი ბავშვს დილის პროცედურები უტარდება გამოსაცვლელ მაგიდაზე. ყველა საჭირო ნივთები უნდა გვქონდეს წინასწარ მომზადებული (სიტუაციის მიხედვით, აუცილებელი არაა ყველა ერთდროულად):
  • ადუღებული წყალი
  • სტერილური ბამბა (წინასწარ მომზადებული ბურთულები, ქილაში)
  • საბავშვო კოსმეტიკური ზეთი, წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარი
  • ბრილიანტის მწვანეს სპირტიანი ხსნარი 1%
  • ბავშვის სველი საწმენდები
  • საბავშვო კრემი (პამპერსის ქვეშ წასასმელი, დამცავი კრემი)
  • მშრალი ქსოვილის ხელსახოცი.

ბავშვს ვაწვენთ გამოსაცვლელ მაგიდაზე, რომელზეც დაფენილია სუფთა საფენი. თუ ოთახში თბილა (22-24 C) ბავშვს შეგვიძლია მთლიანად გავხადოთ, რადგანაც ჰაერის აბაზანები ბავშვს გააკაჟებს, ჭიპლარიც მოშრება და უფრო ადვილად და სწრაფად შეხორცდება, თავიდან ავიცილებთ ნასიცხებს და გამოყელვას. ხოლო თუ ოთახში გრილა, ბავშვს თანდათან, საჭიროების მიხედვით უნდა გავხადოთ.

ცხვირი

ახალშობილს ცხვირში შეიძლება დაუგროვდეს მტვრის ნაწილაკები, ლორწო, წამოქაფების შედეგად რძის წვეთები შედეგად წარმოიქმნება ქერქები. ბავშვს უჭირს ცხვირიდან სუნთქვა. სრუტუნებს, ვერ წოვს, შფოთავს და ვერ იძინებს. ცხვირის გასაწმენდად გვჭირდება საბავშვო ზეთში დასველებული ბამბის ბურთულები, ზეთი არბილებს ქერქებს, და ბამბის ბურთულის წრიული მოძრაობით ქერქები ადვილად გამოსაღები ხდება. ჩვეულებრივი ბამბისთავიანი ჩხირების გამოყენება რეკომენდებული არ არის, შეიძლება  სპეციალური საბავშვო ბამბისთავიანი ჩხირები გამოვიყენოთ ისიც დიდი სიფრთხილით. ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ ეცდებით ბავშვს ცხვირის შიდა ნაწილის  ღრმად გამოწმენდას.

თვალები

ბავშვს თვალები თბილ ანადუღარ წყალში დასველებული ბამბის ბურთულიბით, თვალის გარეთა კუთხიდან შიგნითა (ცხვირისკენ) კუთხისკენ მიმართულებით ამოუწმინდეთ. ყოველჯერზე ახალი ბამბა გამოიყენეთ. შემდეგ ქსოვილის ხელსახოცით ფრთხილად შეუმშრალეთ. თუ ბავშვს თვალები ეწირპლება, აქვს გამონადენი უკეთესია ამოუწმინდოთ ფურაცილინის ხსნარში, გვირილის ნაყენში ან ბორის მჟავის ხსნარში (ერთ ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე 0,5 ჩ/კ) დასველებული ბამბის ბურთულით. პირველად იწმინდება საღი, ჯანმრთელი თვალი შემდეგ კი დაზიანებული. რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს ქუთუთოები შეწებებული აქვს და ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ შეიმჩნევა.

ყურები

ბავშვს ყურები ბამბის ბურთულით ფრთხილად უნდა გაეწმინდოს, მაგრამ ღმად არა, რადგანაც ბავშვს სასმენი მილი მოკლე და განიერი აქვს, დაფის აპკი ახლოს მდებარეობს, სასმენინი მილის გარსები კი ძალიან თხელი და ნაზია და ადვილად ტრავმირდება. თითოეული ყურისთვის ახალ-ახალი ბამბა უნდა გამოიყენოთ. ისევე როგორც ცხვირის გაწმენდისას სასურველია მხოლოდ საბავშვო ბამბისთავიანი ჩხირების გამოყენება, ჩვეულებრივი ბამბისთავიანი ჩხირების გამოყენება კი რეკომენდებული არ არის.

პირი

ჯანმრთელი ბავშვის პირის ღრუ განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, თუმცა დილის პროცედურებზე საჭიროა მისი დათვალიერება. ამისათვის ბავშვს ნიკაპი ოდნავ უნდა ჩამოვუწიოთ. ჯანმრთელი ბავშვის პირის ღრუს ლორწოვანი ვარდისფერია, სუფთა და სველია. ყველაზე ხშირი პათოლოგიური პროცესი, რომელიც პირის ღრუში ვითარდება არის რძიანა- სოკოვანი დაავადება. გამოიხატება ლორწოვანზე თეთრი ხაჭოსებრი ნადების წარმოქმნით. რძიანას სამკურნალოდ პირის ღრუს ამუშავებენ 2% სოდის ხსნარში (1 ჭიქა ადუღებულ წყალზე 1 ჩ/კ სოდა) დასველებული ბამბის ბურთულით, კვების წინ ყოველ 2-3 საათში, მაგრამ ყველა შემთვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაციაც.

კანი

ახალშობილს ძალიან ნაზი და მგრძნობიარე კანი აქვს, საოფლე ჯირკვლები ბოლომდე არაა განვითარებული. ამიტომ საჭიროებს სათუთ და საგულდაგულო მოვლას.განსაკუთრებით ყურადღებას საჭიროებს კანის ბუნებრივი ნაკეცები – ყველაზე ხშირი გამოყელვის ადგილები (საზარდულის ნაკეცები, იღლიები, შორისის მიდამო, ღაბაბი და კისრის ნაკეცები, ყურების უკანა მხარე, ხელისგულები,  იდაყვის და მუხლქვეშა არე, დუნდულებს შუა ნაკეცი, თითებშუა არე).

გამოყელვის პროფილაქტიკად ითვლება საფენების ან პამპერსების დროული გამოცვლა, (პამპერსების გამოცვლა საჭიროა არანაკლებ 8-ჯერ დღეში, ყოველ 3-4 საათში და აუცილებლად ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ). ასევე კანის შარდისა და განავლისგან  საგულდაგულოდ გასუფთავება, ტანსაცმლის სწორად შერჩევა და კანის ბუნებრივი ნაკეცების დამუშავება.

გადახურება ისევე არაა სასურველი ბავშვისთვის როგორც გადაციება. მომატებული ოფლიანობის და მგრძნობიარე კანის გამო პატარა ბავშებს ადვილად უვითარდებათ ნასიცხები — წვრილწერტილოვანი  გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი. ოფლიანობის დროს კანის ნაკეცები უნდა დამუშავდეს ტალკით. ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ ტალკი არ შეიძლება გამოვიყენოთ საბავშვო ზეთთან ან კრემთან ერთად. ტალკს ჯერ ვიყრით ხელზე, ხოლო შემდგომ, ხელით ვანაწილებთ ბავშვის სხეულზე. ნასიცხების სამკურნალო ყველაზე კარგი საშუალეა ჰაერის აბაზანებია, თუმცა არ შეიძლება ბავშვის დატოვება პირდაპირი მზის სხივების ქვეშ და ორპირ ქარში.

ჩაბანვა

ბავშვის ჩაბანვა საჭიროა ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ. მხოლოდ მოშარდვის შემდეგ საკმარისია ბავშვის სველი საწმენდების გამოყენებაც. ჩაბანვა რეკომენდებულია თბილ გამდინარე წყლის ქვეშ, წინიდან უკან, ანუსის მიმართულებით, რათა არ მოხვდეს განავლის ნაწილაკები და არ შეიჭრას ინფექცია შარდ-სასქესო სისტემაში.

გოგონებში მნიშვნელოვანია სასქესო ორგანოს ყველა ნაკეცის საგულდაგულოდ ჩამობანა, მაგრამ არასოდეს სცადოთ მცირე სასირცხო ბაგეების შიდა მხარის გასუფთავება, ბიჭუნებში კი — სათესლე პარკი და ასო გულდასმით უნდა დაებანოს, მაგრამ ჩუჩა არ გადასწიოთ მის ქვეშ გამოსუფთავების მიზნით, ის თავისთავად სუფთავდება. დუნდულოების დასაბანად შეიძლება საბავშვო საპონი, გელი ან ქაფი ვიხმაროთ, მაგრამ არა ყოველ ჯერზე, რადგანაც ამ საშუალებების გამოყენებამ შეიძლება ჩამორეცხოს კანის დამცავი ცხიმოვანი გარსი. დაბანვის შემდეგ ვამშრალებთ სუფთა ქსოვილის ხელსახოცით და ვუსვამთ დამცავ კრემს.

ფრჩხილების დაჭრა

ახალშობილს ფრჩხილები მოკლედ დაჭერით, რათა კანი არ გაიკაწროს. ამისათვის სასურველია საბავშვო მაკრატელი ან საკვნეტელი იყიდოთ,  რომელსაც საგანგებოდ მომრგვალებული წვერები აქვს. ხელი მაგრად დაუჭირეთ და თითის ბალიში ხელით დაუწიეთ, რათა მაკრატელში ან საკვნეტელაში კანი არ მოჰყვეს.

ფრჩხილები მუდამ სწორად გადაჭერით, თორემ გვერდები კანში ჩაეზრდება. ამიტომ, ბავშვისთვის ფრჩხილების დაჭრისას, სჯობს, თითის წვერის ფორმას მიჰყვეთ. როცა დაამთავრებთ, შეამოწმეთ, სადმე წვეტი ხომ არ დარჩა. თუ ფრჩხილების დაჭრისას ბავშვი ფართხალებს, ნუ დააძალებთ, მაშინ დააჭერით, როცა წყნარად ეძინება.

თმის მოვლა

მიუხედავად იმისა რომ ზოგ ბავშვს დაბადებისას ძალიან ცოტა თმა აქვს, მისი მოვლა მაინც აუცილებელია. ბავშვს თავი სპეციალური, მცენარეული, PH ნეიტრალური შამპუნით უნდა დავბანოთ, რომელიც არ გამოიწვევს პატარას თავის კანის გაღიზიანებას და გამოშრობას. ბავშვისთვის უნდა გვქონდეს გამოყოფილი თავისი სავარცხელი. ზოგჯერ, პირველ თვეებში ბავშვს თმებში უგროვდება ქერტლი, შემდგომ კი წარმოიქმნება სქელი, მოყავისფრო, ქერქისებური ნადები, რაც აკვნის ქუდის სახელითაა ცნობილი.

ქერქები და ქერტლი რომ მოვაცილოთ, ბავშვს ბანაობამდე 2-3 სთ-ით ადრე თავზე უნდა შევაზილოთ საბავშვო ან მზესუმზირის, ზეითუნის ზეთი, შემდეგ ფრთხილად ჩამოვვარცხნოთ სუფთა ბავშვის სავარცხლით, რომელზეც სუფთა ბამბა უნდა გავუკეთოთ. დავარცხნის შემდეგ, სავარცხელს ვაცლით ბამბას, ქერტლთან და ქერქებთან ერთად. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, გაღიზიანება ინფიცირებულს ჰგავს ან სითხე გამოსდის მიმართეთ ექიმს.

ბავშვის მოვლა და პედიატრია - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი