იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

2/2/2021

ნაყოფის მდებარეობა და მშობიარობა

Comments

Read Now
 
Picture
მშობიარობა და ლოგინობის ხანა - ვრცლად
ნაყოფის მდებარეობას უწოდებენ ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძების განლაგებას ერთმანეთის მიმართ.

ამის მიხედვით განასხვავებენ ნაყოფის გრძივ, გარდიგარდმო და ირიბ მდებარეობას. გრძივი მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთს ემთხვევა. გარდიგარდმო მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ ქმნის 90-გრადუსიან კუთხეს. ირიბი მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ მახვილ კუთხეს ქმნის.


ნორმალურად მიიჩნევა საშვილოსნოში ნაყოფის გრძივი მდებარეობა. ასიდან 99 შემთხვევაში, უფრო ზუსტად, შემთხვევათა 99,5%-ში, სწორედ ასეთი მდებარეობა გვხვდება.

საშვილოსნოში ნაყოფის გრძივ მდებარეობას დამახასიათებელ პოზაში ემბრიონის პოზას უწოდებენ. ამ დროს ნაყოფს თავი გულმკერდზე აქვს მიბჯენილი, ხელები - გადაჯვარედინებული, ფეხები - მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოხრილი და მუცელთან მიტანილი. ნორმალური მოხრითი მდებარეობის დროს ნაყოფი იღებს კვერცხის ფორმას.

მისი განიერი ნაწილი, მენჯი, მიქცეულია საშვილოსნოს ფუძისკენ, ხოლო ვიწრო ნაწილი, კეფა - მენჯის გამოსა­ვლისკენ. გარდიგარდმო და ირიბი 
მდებარეობა პათოლოგიურად მიიჩნევა ნაყოფის და შემთხვევათა 0,5%-ში გვხვდება.

ნაყოფის წინამდებარეობას უწოდებენ ნაყოფის მსხვილი ნაწილის (თავის, მენჯის) განლაგებას დედის მენჯის შესავლის მიმართ, ხოლო ნაყოფის წინამდებარე ნაწილად იწოდება მისი ის ნაწილი, რომელიც მშობიარობის დროს ყველაზე ადრე გაივლის სამშობიარო გზებს და პირველი იბადება.

თუ დედის მენჯის შესავალთან იმყოფება თავი, ამას ნაყოფის თავით წინამდებარეობა ეწოდება, თუ მენჯი - მენჯით წინამდებარეობა. მენჯით წინამდებარეობა პათოლოგიური მდებარეობის შემთხვევათა 3,5%-ში დასტურდება. განასხვავებენ ჯდომით, ფეხით და მუხლით წინამდებარეობას.

ჯდომით წინამდებ­არეობა, თავის მხ­რივ, იყოფა სუფთა და შერეულ ფორმებად. სუფთა ჯდომით წინამდებარეობის დროს ნაყოფის ფეხები მუხლის სახსარში გაშლილია, ხოლო მენჯ-ბარძაყისაში - მოხრილი და სხეულის გასწვრივაა განლაგებული. შერეული ჯდომით წინამდებარეობის, ანუ სრული ჯდომით წინამდებარეობის დროს ნაყოფის ფეხები მოხრილია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში.

ფეხით წინამდებარეობის დროს წინამდებარე ნაწილია ერთ-ერთი ან ორივე ფეხი. იშვიათად ფეხები მოხრილია ისე, რომ მხოლოდ მუხლი ისინჯება. ასეთ მდებარეობას მუხლით წინამდებარეობას უწოდებენ. ნაყოფის მენჯით წი­ნამდებარეობა ორსუ­ლობის პირველ ნა­ხ­ევარში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მშობიარობის დაწყების წინ. 28 კვირის (7 თვის) ორსულობის დროს მენჯით წინამდებარეობა შემთხვევათა 30%-ში აღირიცხება. ზრდასა და მომწიფებასთან ერთად ნაყოფი ზოგჯერ უფრო სტაბილურ მდებარეობას იღებს.

გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობის დროს ჩვეულებრივი გზით ნაყოფის დაბადება ძალზე სარისკოა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე დამოუკიდებლად მშობიარობა შეუძლებელია - საშიშროება ემუქრება როგორც დედას, ისე ბავშვსაც. მშობიარობის ოპტიმალური მეთოდია საკეისრო კვეთა. გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობის მიზეზად შეიძლება იქცეს:
  • ყველა ის ფაქტორი, რომელიც აადვილებს ნაყოფის მოძრაობას საშვილოსნოს ღრუში;
  • ვიწრო მენჯი, პლაცენტის წინამდებარეობა და სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ნაყოფის თავს, ჩავიდეს საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში და მიებჯინოს მენჯს;
  • საშვილოსნოს არასწორი ფორმა, მაგალითად, უნაგირა საშვილოსნო. მისი დიაგნოსტირება პრობლემას არ წარმოადგენს: ყურადღებას იქცევს საშვილოსნოს ფორმა - ის ოვალური კი არ არის, არამედ ირიბადაა გაწელილი და თავი და მენჯის ნაწილი საშვილოსნოს გვერდებზე მდებარეობს.

ორსული სამშობიაროში 35-36-ე კვირას უნდა მოთავსდეს. მშობიარობა პათოლოგიურად მიმდინარეობს. ხდება ისეც, რომ ნაყოფი მშობიარობის დასაწყისში ირიბი ან განივი მდებარეობიდან დამოუკიდებლად გადადის გრძივში (თვითმობრუნება), მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება.

ირიბი და განივი მდებარეობის დროს ნაყოფის წინამდებარე ნაწილი ფაქტობრივად არ არსებობს და ხდება სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვა. წყალი მთლიანად ან თითქმის მთლიანად იღვრება. წყლებთან ერთად, წესისამებრ, გამოვარდება ხელი ან ჭიპლარის მარყუჟი. წყლების დაღვრის შემდეგ საშვილოსნო იკუმშება, ნაყოფს შემოესალტება და მოძრაობის საშუალებას ართმევს. საშვილოსნოს ძლიერი შე­კუმშვის გამო ჭიპლარი შესაძლოა მიიჭყლიტოს, დაირღვეს პლაცენტური სისხლის მიმოქცევა და განვითარდეს ნაყოფის ასფიქსია. შორს წასული (ნებაზე მიშვებული) გარდიგარდმო მდებარეობისას მოსალოდნელია საშვილოსნოს გა­ხეთქვა და დედისა და შვილის სი­კვდილი.

მშობიარობა შესაძლოა ნორმალურად დასრულდეს, მაგრამ თავი იჩინოს გართულებებმა, რომლებიც ხშირად ძალზე სახიფათოა ნაყოფისთვის. გართულებები, თუმცაღა იშვიათად, დედის მხრივაც არის მოსალოდნელი. მაგალითად, სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა (განსაკუთრებით - ფეხით წინამდებარეობის დროს), ჭიპლარის მარყუჟის გამოვარდნა. გამოვარდნილი ჭიპლარი შესაძლოა მიიჭყლიტოს, განვითარდეს ასფიქსია და ნაყოფი დაიღუპოს. არცთუ იშვიათია სამშობიარო მოქმედების სისუსტე.

მენჯით წინამდებარეობის დროს მშობიარობის თავისებურება ის არის, რომ ნაყოფის ყველაზე მსხვილი ნაწილი, თავი, იბადება ყველაზე ბოლოს. ამ დროს წინამდებარე ნაწილი, მენჯი, სამშობიარო გზებს პირველი გაივლის და მის შემდეგ მომავალ მხრებსა და მასზე უფრო დიდ ნაწილს, თავს, სათანადოდ ვერ უფართოებს სავალს. ამ დროს თავი შესაძლოა ჭიპლარს დააწვეს. თუ სხეულის ზედა ნაწილისა და თავის გამოძევება სამ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ვითარდება ნაყოფის ასფიქსია (მოხრჩობა). ასეთი რამ უმეტესად ფეხით წინამდებარეობის დროს ხდება.

მენჯით წინამდებარეობის დროს სასურველია, ორსული მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე მოთავსდეს სამშობიაროში. მშობიარობის მიმდინარეობის დროს ყურადღება ექცევა დედისა და ნაყოფის მდგომარეობას, ნაყოფის მდებარეობას სამშობიარო გზებში და სხვა მაჩვენებლებს. გართულების შემთხვევაში ექიმი ორსულს დაუყოვნებლივ უწევს კვალიფიციურ დახმარებას. მშობიარობის პირველ პერიოდში სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვის პროფილაქტიკის მიზნით მშობიარეს სიარულის ნებას არ აძლევენ. ის უნდა იწვეს.

ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მას საწოლშივე ეძლევა სპეციალური ჭურჭელი. წყლების დაღვრისთანავე ტარდება საშოსმხრივი გამოკვლევა, რათა ჭიპლარის გამოვარდნა გამოირიცხოს. მშობიარობის მეორე პერიოდი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია ნაყოფის გულისცემის ზედმიწევნითი კონტროლი და ასფიქსიის პროფილაქტიკა. ასფიქსიის მთავარი ნიშანია ნაყოფის გულისცემის შეცვლა.

ფეხით წინამდებარეობის დროს სამშობიარო გართულებები და ნაყოფის მკვდრადშობადობა უფრო ხშირია, ვიდრე ჯდომით წინამდებარეობის დროს. გართულებები იმის ბრალია, რომ წინამდებარე ფეხები ვერ აფართოებს სამშობიარო გზებს, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ მხრის სარტყელი და თავი დაუბრკოლებლად მოევლინოს ქვეყნიერებას. ფეხით წინამდებარეობის დროს ხშირია ხელების უკან გადავარდნა, თავის გაშლა და თავის ჩაჭედვა.
 
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი