იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

27/4/2022

ორსული და ალერგია

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ალერგიისა და ორსულობის თანხვედრა, ცხადია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ალერგია ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა.

​ორსულობისას ალერგიის მიმდინარეობა სხვადასხვანაირად შეიძლება წარიმართოს: შემსუბუქდეს, გამწვავდეს ან უცვლელი დარჩეს. დადგენილია, რომ ორსულის ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ამიტომაა, რომ ორსულებს ალერგია იშვიათად აღენიშნებათ, ან მსუბუქი ფორმით უვლინდებათ. ისეთმა სერიოზულმა დაავადებებმაც კი, როგორებიცაა ბრონქული ასთმა და ჭინჭრის ციება, ორსულობის დროს შესაძლოა საერთოდ არ იჩინოს თავი. მშობიარობის შემდეგ კორტიზოლის რაოდენობა თანდათან პირვანდელ დონეს უბრუნდება და ალერგიაც ჩვეულ სახეს იღებს. თუ პირველი ორსულობისას ალერგიამ თავი საერთოდ არ შეგახსენათ, შესაძლოა, მომდევნო ორსულობებმაც მშვიდად ჩაიაროს. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ორსულობისას ალერგია ადრინდელზე მძაფრად გამოვლინდეს. ეს გამოწვეულია ქალის იმუნურ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრებით და, ამის კვალობაზე, უკვე ცნობილ ან ახალ, ორგანიზმისთვის უცნობ ალერგენებზე უფრო აქტიური რეაქციით.

ალერგიული დაავადებებიდან ორსულებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. გარდა ამისა, არსებობს კანის ალერგიული მდგომარეობა (ჭინჭრის ციების განსაკუთრებული სახეობა), რომელიც, ჩვეულებრივ, სწორედ პირველი ორსულობის დროს იჩენს თავს.

ორსულობის მეთორმეტე კვირიდან ცხვირის გაჭედვასა და სურდოს თითქმის ყოველი მეორე ორსული უჩივის. თუ გაირკვა, რომ ამას წინ უძღოდა უშუალო კონტაქტი ალერგენთან (მცენარეების ყვავილობა, სახლში ცხოველის მიყვანა, კვების რეჟიმის დარღვევა და სხვა), ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ალერგიული რინიტის გამწვავებასთან.

თუ მომავალი დედა ალერგიულია, სავსებით შესაძლებელია (თუმცა არა გარდაუვალი), ალერგია ბავშვსაც აღმოაჩნდეს. მუცლად მყოფი ბავშვი ალერგენებს თავიდანვე ხვდება, მაგრამ ზემგრძნობელობის ჩამოყალიბება (ანუ ნაყოფის ორგანიზმში იმ ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც ალერგენის მომდევნო შეჭრისას ალერგიული რეაქციის პროვოცირებას ახდენს) ხდება მაშინ, როდესაც ნაყოფის იმუნური სისტემა სიმწიფის განსაზღვრულ საფეხურს აღწევს - ორსულობის დაახლოებით 22-ე კვირას. ამ ეტაპზე ყალიბდება განსაზღვრული ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა, დაბადების შემდეგ კი, ალერგენთან ხელახალი შეხვედრისას, ალერგიული რეაქცია იწყება.

ბრონქული ასთმა ორსულთა 2-3%-ს აქვს. იმ ქალებს შორის, რომლებიც ასთმას დაორსულებამდეც უჩიოდნენ, სურათი ასეთია: დაახლოებით 25% იმავე მდგომარეობას ინარჩუნებს, რაც ორსულობამდე ჰქონდა, 15% უკეთესობისკენ მიდის, ხოლო 60%-ს მდგომარეობა უმძიმდება. თუ ასთმა ორსულობამდეც გქონდათ, მის გამწვავებას ორსულობის 24-დან 36-ე კვირამდე უნდა ელოდოთ. ასთმიანი ორსულის იმუნურ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც დაავადების, ისე ორსულობის მიმდინარეობაზე. ორსულობის დასაწყისში გამოვლენილი ასთმა შესაძლოა ორსულობის პირველსავე ნახევარში, ადრეული ტოქსიკოზის მსგავსად, ალაგდეს. ამ დროს პროგნოზი დედისა და ნაყოფისთვის კეთილსაიმედოა. ორსულობის ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყველა ქალი უკეთესობას გრძნობს, მშობიარობის შემდეგ კი სურათი ასეთია: 25% (წესისამებრ, მსუბუქი ფორმის მქონე ავადმყოფები) უკეთ ხდება, 50%-ს მდგომარეობა არ ეცვლება, 25%-ს კი უმძიმდება. გახსოვდეთ: დღეს ბრონქული ასთმა ორსულობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად არ მიიჩნევა. მთავარია მოხერხდეს გამწვავების დროული გამოვლენა და მისი ადეკვატური კონტროლი. თუ ორსულობის დროს დაავადება არ ექვემდებარება მკურნალობას: ორსულს აქვს ხშირი შეტევები, რომლებიც გადადის ასთმურ სტატუსში, - მას ათავსებენ სტაციონარში და დგება ორსულობის ვადამდე (37-38-ე კვირამდე) შეწყვეტის საკითხი.

გაუკონტროლებელი ბრონქული ასთმის შეტევის დროს ქალის ორგანიზმი საკმარისი ოდენობით ჟანგბადს ვერ იღებს. ამ დროს ჟანგბადის ნაკლებობა ანუ ჰიპოქსია შესაძლოა ნაყოფსაც განუვითარდეს. თუ ბრონქული ასთმის შეტევები ხშირი ან ხანგრძლივია, ჰიპოქსიამ შესაძლოა ნაყოფის ტვინი დააზიანოს. გარდა ამისა, ადეკვატური კონტროლის არარსებობა ხშირად იწვევს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებას, თვით ორსულებში კი გაუკონტროლებელმა ასთმამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ისეთი მძიმე გართულება, როგორიცაა პრეეკლამფსია.

ორსულობისას ყოველგვარი მედიკამენტის მიღებისას სიფრთხილე გვმართებს. არც ალერგიის საწინააღმდეგო წამლებია გამონაკლისი. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოს მონაცემების თანახმად, ორსულობის დროს არც ერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი არ არის სრულიად უვნებელი. ორსულობის პერიოდში მედიკამენტის დანიშვნამდე ექიმი ყოველთვის აფასებს რისკს, რომელიც ახლავს კონკრეტული მედიკამენტის გამოყენებას. მას უფრო მეტი სარგებლობა უნდა მოჰქონდეს, ვიდრე ზიანი.

მუცლად მყოფი ბავშვისთვის ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. პროფილაქტიკა გულისხმობს ორსულის რაციონში ძლიერ ალერგიული პროდუქტების შეზღუდვას, ხოლო მძიმე შემთხვევებში მათ რაციონიდან გამორიცხვას - კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხომ ალერგენებისთვის მთავარი კარიბჭეა. ჯანმრთელი ორსულებისთვის ასეთი მძიმე შეზღუდვა, რასაკვირველია, აუცილებელი არ არის. საკმარისია, არ მიირთვან ალერგიული პროდუქტები ყოველდღიურად და ერთდროულად - ხანგამოშვებით რაციონში მათი ჩართვა შეიძლება. სარისკო პროდუქტებზე უარი უნდა თქვან იმ ქალბატონებმაც, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ ასეთ პროდუქტებზე ამა თუ იმ ტიპის ალერგია, ხოლო თუ ქალს აქვს ალერგიული დაავადება: ბრონქული ასთმა, ალერგიული დერმატიტი, ალერგიული რინიტი და სხვა, - მოუწევს, რაციონიდან პროდუქტების მთელი ჯგუფები ამოიღოს.

საკვები პროდუქტები ალერგიულობის ხარისხის მიხედვით ამგვარად ნაწილდება:   
მაღალი ხარისხი - ძროხის რძე, თევზი, ზღვის პროდუქტები, ხიზილალა, კვერცხი, ციტრუსები, კაკალი, თაფლი, სოკო, ქათმის ხორცი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, ანანასი, ნესვი, ხურმა, შავი მოცხარი, შოკოლადი, ყავა, კაკაო, მდოგვი, პომიდორი;
საშუალო ხარისხი - ღორის ხორცი, წითელი მოცხარი, კარტოფილი, ინდაურის ხორცი, კურდღელი, ფორთოხალი, გარგარი, მწვანე წიწაკა, სიმინდი, შტოში, კომბოსტო;
დაბალი ხარისხი - ყაბაყი, პატისონი, თალგამი, გოგრა, ვაშლი, თეთრი მოცხარი, ხურტკმელი, ქლიავი, ცხვრის ხორცი, თეთრი ბალი, კიტრი.

ორსულისა და მელოგინისთვის არამც და არამც არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. მწეველთა შვილებს ალერგიული დერმატიტისა და ბრონქული ასთმის განვითარების უფრო მაღალი ალბათობა აქვთ. საშიშია პასიური მოწევაც.
რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
ბუმბულის ბალიშები და საბნები სინთეტიკურით შეცვალეთ.
ბინა ხშირად გაანიავეთ და ყოველდღე დაალაგეთ სველი წესით, კვირაში ერთხელ კი მტვერსასრუტით დაასუფთავეთ ხალიჩები და რბილი ავეჯი, გაბერტყეთ და გაამზეურეთ ბალიშები.
ორსულობის დროს თავი არიდეთ ხალიჩებს, სურათებს, შტორებს - ისინი მტვრის ნამდვილი ბუდეა.
ყოველგვარი მედიკამენტი მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მისი დანიშნულებისამებრ.
აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები.
​
პირველ თვეებში ჩვილისთვის განსაკუთრებით სასარგებლო საკვებია დედის რძე. მასთან ერთად პატარას ალერგენების გამანეიტრალებელი ნივთიერებებიც მიეწოდება. ოთხ თვემდე ძუძუთი კვების შეწყვეტა მომავალში ალერგიული რეაქციების სიხშირეს რამდენჯერმე ზრდის.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • ფასები
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი