იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

8/7/2020

ახალშობილის წონა

Comments

Read Now
 
Picture
ბავშვის მოვლა და პედიატრია - სრულად
ახალშობილის საშუალო წონა 3-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა არსებობს ვარიაციები - ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ქალების შვილები, რომლებიც სამყაროს, სხვათა მსგავსად, ცხრა თვის შემდეგ ევლინებიან, ხან მეტისმეტად პატარები, ხან კი მეტისმეტად დიდები იბადებიან.

ახალშობილებს, რომელთა წონაც დაბადებისას 3 კილოგრამზე ნაკლებია, მცირეწონიანებს უწოდებენ (ოღონდ - იმ შემთხვევაში, როცა ისინი დროულად იბადებიან და არა დროზე ადრე). როდესაც ბავშვის წონა 4 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 54-56 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის, ამბობენ, რომ დაიბადა დიდი ბავშვი. იშვიათობა არც გოლიათის დაბადებაა - მისი წონა 5 კილოგრამი და მეტია.
​
მშობლები გოლიათი ბავშვებით ამაყობენ, ხოლო შვილის მცირე წონისა რცხვენიათ. ისინი ორივე შემთხვევაში ცდებიან. არსებობს ოქროს შუალედი - სამსა და ოთხ კილოგრამს შორის. მცირე ან დიდი წონისკენ გადახრა შესაძლოა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს. რა თქმა უნდა, მხედველობაში მიიღება დედის წონაც - როცა 45კგ წონის ქალი 2,5 კგ-იან ბავშვს გააჩენს, ეს უფრო ნორმაა, ვიდრე პათოლოგია. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, 4კგ და 300 გ წონის პატარაზე, თუ მისი დედა ფართომენჯიანი ახალგაზრდა, ჯანმრთელი, 175 სანტიმეტრი სიმაღლისა და 80 კგ წონის ქალბატონია.

გოლიათის დაბადებისას მთავარი პრობლემა მშობიარობისას მისი ტრავმირების დიდი რისკია. სირთულეების თავიდან ასაცილებლად ორსულობის მე-20-22-ე კვირას ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს ულტრაბგერითი გამოკვლევა - ექოსკოპია. ის ნაყოფის ზომისა და ქალის სამშობიარო გზების შესაბამისობას გვიჩვენებს.

თუ ბავშვის ზომები ყოველგვარ დასაშვებ ნორმაზე დიდია, მომავალ დედას ჯერ კიდევ აქვს დრო მისი წონის კორქციისთვის. ამავე ვადაზე ტარდება პელვიომეტრია, რომლის მეშვეობითაც ზუსტად ადგენენ მომავალი დედის მენჯისა და მისი ფუძის ზომებს. მეანობა იცნობს ორ მდგომარეობას, როდესაც ბუნებრივი გზით მშობიარობა დაუშვებელია.

ერთი მათგანია ანატომიურად ვიწრო მენჯი - მდგომარეობა, როცა ქალის მენჯი მართლაც ვიწროა ან მისი აგებულების ანომალია აღინიშნება. მეორე, კლინიკურად ვიწრო მენჯი, მაშინ ყალიბდება, როცა მენჯი ნორმალურია, მაგრამ ბავშვი მეტისმეტად დიდია. ორივე შემთხვევაში დედასაც და შვილსაც სამშობიარო ტრავმა ემუქრებათ. თუ ასეთ დროს ექიმმა უმჯობესად საკეისრო კვეთა მიიჩნია, სჯობს, მის რჩევას დედა უყოყმანოდ დასთანხმდეს.

სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილი წონას იკლებს. ეს წონის ფიზიოლოგიური დაქვეითებაა. დიდ ბავშვებს წონის დაქვეითება უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული, ვიდრე ნორმალური წონის ახალშობი-ლებს. ერთი წლის ასაკისთვის ყველა ბავშვის წონისა და სიგრძის მაჩვენებელი საშუალოს უნდა მიუახლოვდეს.

თუ დიდი წონის პატარას ექიმებმა მორფოფუნქციური უმწიფრობის დიაგნოზი დაუსვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემო პირობებთან შეგუებისთვის მას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე სხვა ახალშობილებს. ამ ბავშვებს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ, ვიდრე აღნიშნული დიაგნოზი უარყოფილი არ იქნება.

ექიმები განსაკუთრებულ კონტროლს უწესებენ ეგრეთ წოდებულ დიაბეტურ ბავშვებს ანუ იმ ახალშობილებს, რომელთა დედებსაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, ვინაიდან ეს პატარები რისკის ჯგუფს ეკუთვნიან. საზოგადოდ, დიდ ბავშვებს სუსტი იმუნიტეტი და ნივთიერებათა ცვლის მოშლა აღენიშნებათ. რაქიტის, ანემიის, სიმსუქნის, ფაღარათის რისკი მაღალია. დიდი ბავშვის მოვლის საფუძველი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა - მასაჟი, ვარჯიში, წყლის პროცედურები, სეირნობა და, რაც მთავარია, ბალანსირებული კვება. ოპტიმალური, რასაკვირველია, ძუძუთი კვებაა. ამ დროს ბავშვი ზუსტად იმდენს ჭამს, რამდენსაც ორგანიზმი სთხოვს. ხელოვნური კვებისას კი დოზები ზუსტად უნდა დავიცვათ - ზედმეტი საკვების მიღება დაუშვებელია.

მცირე წონის, მაგრამ დროული ახალშობილების დედებს მშობიარობისას ზემოთ აღწერილი პრობლემები არ ემუქრებათ, მაგრამ საზრუნავი მათაც თავზე საყრელი აქვთ, განსაკუთრებით - ბავშვის მოვლისას. როცა დროული ახალშობილის წონა 2,5 კილოგრამია, მას მუცლადყოფნისას აღმოცენებული ჰიპოტროფიის დიაგნოზს უსვამენ.

ჰიპოტროფია იმას ნიშნავს, რომ მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფს კვება ქრონიკულად აკლდა. ასეთი ბავშვები ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო დედის საშოშივე ჩამორჩებიან თანატოლებს წონითა და სიგრძით, დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი, შეფერხებული აქვთ ფსიქიკური, ემოციური და მოტორული განვითარება.
განასხვავებენ ჰიპოტროფიის სამ ხარისხს:
​
  • როდესაც წონა ნორმაზე 10-20%-ით ნაკლებია;
  • როცა დეფიციტი 20-დან 30%-მდე მერყეობს;
  • წონაში ჩამორჩენა 30%-ს აღემატება.

გარდა წონის დეფიციტისა, თავს იჩენს ჰიპოტროფიის სხვა ნიშნებიც:

  • კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი სხეულის ყველა უბანში განლეულია;
  • ცხიმოვანი და კანის ნაოჭები დუნეა;
  • კუნთების ტონუსი დაქვეითებულია, კუნთები - სუსტი, კანი და ლორწოვანები - ფერმკრთალი, ზოგჯერ მშრალი;
  • წონის მატება უმნიშვნელოა, ზოგჯერ არც კი აღინიშნება, ძილი დარღვეულია;
  • თავს იჩენს რაქიტი და სხვა სახის ჰიპოვიტამინოზი.

ისევე როგორც დიდ ბავშვებს, მცირეწონიანებსაც ხშირად აღენიშნებათ მორფოფუნქციური უმწიფრობა, როდესაც ზოგიერთი ორგანო ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და ახალშობილის რეფლექსებიც სუსტია. ამის გამო მცირეწონიან ახალშობილებს სტაციონარიდან მანამდე არ წერენ, ვიდრე მათი წონა 2,5 კგ-ს არ გადააჭარბებს.

მცირეწონიანმა ბავშვებმა მასა თანდათან უნდა მოიმატონ, რათა არ დაირღვეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა. ნამცეცებს სხვებზე მეტად სჭირდებათ ძუძუთი კვება, თუმცა ხშირად მათ თავიდანვე უნიშნავენ დამატებით კვებას სპეციალური ნარევებით, რომლებიც ადვილად ასათვისებელ საკვებ ნივთიერებებს - ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მინერალებს შეიცავს. ზოგჯერ ბავშვებს საჭმლის მონელების დარღვევის გამო მეტეორიზმი აწუხებთ ან ნაწლავების მოქმედება არამდგრადი აქვთ.

ნაწლავთა არამდგრადი მოქმედება შეკრულობისა და თხიერი, ხშირი განავლის მონაცვლეობით გამოიხატება. ასეთ შემთხვევებში ექიმი საჭიროდ მიიჩნევს მეტე-ორიზმის საწინააღმდეგო და ფერმენტული პრეპარატების დანიშვნას. წონის მატება იმაზეა დამო-კიდებული, რამდენად ჩამორჩება ახალშობილი მისი ასაკისთვის შესატყვის ნორმას. სტაციონარიდან გაწერიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში ბავშვი დღეგამოშვებით უნდა ავწონოთ, შემდეგ კი - კვირაში 1-2-ჯერ, მაჩვენებლები ზუსტად უნდა ჩავიწეროთ, რათა ექიმს კონტროლის საშუალება ჰქონდეს და ბავშვის კვებისა და მოვლის შემდგომი ტაქტიკა განსაზღვროს.

​მცირეწონიან ბავშვებს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, რის გამოც ინფექციური დაავადებებით მათი დასნებოვნების ალბათობა ჩვეულებრივზე მაღალია, თანაც დაავადება უფრო ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარეობს. ასე რომ, ნამცეცა ორპირ ქარსა და ინფექციის წყაროს უნდა მოარიდოთ. ინფექციურ დაავადებათაგან დასაცავად მეტად მნიშვნელოვანია მცირეწონიანი ბავშვების დროული აცრა.


ბავშვის მოვლა და პედიატრია - სრულად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი