იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

26/4/2022

ორსულის ჰიგიენა

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობა - ვრცლად
ორსულობის დროს ქალის ორგანიზმს ორმაგი დატვირთვა ადგება. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის პირად ჰიგიენას. 

ორსულისთვის კანის სისუფთავეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უსუფთაობა არღვევს კანის თერმორეგულაციურ, დამცველობით, გამომყოფ და სხვა ფუნქციებს, იწვევს საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობას და აჩენს არასასიამოვნო სუნს, აღიზიანებს კანს და ხელს უწყობს მასზე ჩირქოვანი მუწუკების წარმოქმნას, რაც ძალიან საშიშია როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც. ორსულმა დღეში 1-2-ჯერ უნდა მიიღოს შხაპი. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ტანი ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული პირსახოცით გაიწმინდოს. შხაპის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 წუთს. შხაპის მიღება (მხოლოდ წყლის გადავლება) განსაკუთრებით დილაობით არის რეკომენდებული - ეს ხელს უწყობს ნერვული სისტემის სათანადო მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სუნთქვას, აკაჟებს სხეულს, უზრუნველყოფს კარგ განწყობასა და მხნეობას. კვირაში ერთხელ მაინც (ორსულობის ბოლო კვირებში კი უფრო ხშირად) ორსულმა შხაპის ქვეშ საპნით უნდა დაიბანოს მთელი სხეული. დასაბანად გამოყენებულ უნდა იქნეს საბავშვო საპონი, რომელიც კანს იცავს და არ აღიზიანებს. აუცილებელია იღლიის ფოსოების გაპარსვა და ყოველდღე თბილი წყლით დაბანა. ეს იმისთვის, რომ სოკო, რომელიც შესაძლოა იქ ბინადრობდეს, ძუძუსთავებზე არ მოხვდეს.

აბაზანის მიღება ორსულობის ბოლო თვეებში აკრძალულია, რადგან აბაზანიდან დაბინძურებული წყალი შესაძლოა საშოში მოხვდეს. მთელი ორსულობის მანძილზე, განსაკუთრებით კი იმ დღეებში, რომლებიც მენსტრუაციისას შეესაბამება, აბაზანის მიღება უკუნაჩვენებია იმ ქალებისთვის, რომლებსაც წინა ორსულობა დროზე ადრე შეუწყდათ ან სისხლდენით გაურთულდათ. იკრძალება საუნა და ფეხების დაორთქვლა - ამან შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს.

ორსულმა დღეში ორჯერ საპნითა და თბილი წყლით უნდა დაიბანოს გარეთა სასქესო ორგანოები. დაბანა ხდება სუფთა ხელებით, დაბანის დროს ხელის მოძრაობა მიმართულია წინიდან უკან, სწორი ნაწლავისკენ. არ შეიძლება თასზე დასხმული წყლით გამობანა. ცალი ხელით წყალი უნდა დაისხათ, მეორით დაიბანოთ. საშოს გამორეცხვა კატეგორიულად იკრძალება.

ორსულობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს სისუფთავეს და კბილების მდგომარეობას. ორსულმა კბილები დილა-საღამოს უნდა გაიხეხოს, ჭამის შემდეგ კი პირში ანადუღარი თბილი წყალი გამოივლოს.

ორსულმა ხშირად უნდა ისეირნოს ფეხით. ზაფხულში კარგია სეირნობა დილის 9-იდან 11 საათამდე, ზამთარში კი 11-იდან 14-ამდე. სეირნობა ორი საათი მაინც უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ორსული არ უნდა დაიღალოს. უნდა იაროს ნელა, ღრმად და თანაბრად ისუნთქოს ცხვირით. გასეირნების შემდეგ სასურველია მცირე ხნით წამოწვეს. მზის აბაზანების მიღების საკითხი მკურნალ ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. ისინი უკუნაჩვენებია, თუ ადრე ქალს ნაადრევი მშობიარობა ან თვითნებური აბორტი ჰქონდა. მზის გულზე ორსული 20 წუთზე მეტხანს არ უნდა დარჩეს. თუ მზის აბაზანები მისთვის ნებადართულია, ისინი დიდ სარგებლობას მოუტანს: დაბლა დასწევს მომატებულ არტერიულ წნევას, შეაკავებს ორგანიზმში კალციუმსა და ფოსფორს, გაანადგურებს ბაქტერიებს, D ვიტამინს კი D3-ად გარდაქმნის, რაც ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

არ არის სასურველი დიდხანს დგომა. ორსულმა მჯდომარემაც კი ფეხები პატარა სკამზე უნდა შემოაწყოს. სიარული უკუნაჩვენები არ არის, ვინაიდან კუნთების აქტიური შეკუმშვა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ორსულმა უნდა ატაროს მოხერხებული, ნატურალური ქსოვილის, თავისი სარძევე ჯირკვლების ზომისა და ფორმის შესაფერისი ბიუსტჰალტერი.

ვენების პრობლემების (ვენური სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნახევარში, ქვედა კიდურებში, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურების შეშუპება და ბუასილი) თავიდან ასაცილებლად ორსულს მოხერხებული და თავისუფალი ტანსაცმელი უნდა ეცვას. განსაკუთრებით მავნეა ორსულობის მეორე ნახევარში გულმკერდსა და მუცელზე მოჭერილი სამოსის ტარება. ორსულებს უნდა ეცვათ ფართო, თავისუფალი კაბები და ქვედაკაბები. ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით - მეორე ორსულობისას, მუცლის კედლის გადაჭიმვის თავიდან ასაცილებლად შეიძლება სპეციალური ბანდაჟის ჩაცმაც. მას იცვამენ დილით, ადგომამდე, ხოლო ღამით იხდიან. თუ ორსულს უკვე აქვს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, დილაობით, ადგომამდე, ფეხებზე აუცილებლად უნდა შემოიხვიოს ელასტიკური ბინტი ან ჩაიცვას სპეციალური ელასტიკური კოლჰოტი. ფეხსაცმელი ფეხზე კარგად მომდგარი, ფართო და დაბალქუსლიანი უნდა იყოს. ღამის პერანგი ბუნებრივი ქსოვილისგან - სელისგან ან ბამბისგან უნდა იყოს შეკერილი. მისი გახამება აუცილებელი არ არის. საწოლის თეთრეული სასურველია გამოიცვალოს კვირაში ერთხელ, საცვლები - ყოველდღე.

ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას დაუძაბავი გონებრივი შრომის შემთხვევაში ძილის ხანგრძლივობა, სულ მცირე, 8 საათი უნდა იყოს. ორსული დასაძინებლად 22-23 საათზე გვიან არ უნდა დაწვეს, დილით კი სასურველია, 7-8 საათისთვის ადგეს. ამ რეჟიმის დარღვევა შესაძლოა ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მიზეზადაც კი იქცეს.

არ შეიძლება სიმძიმეების აწევა და მკვეთრი მოძრაობა.

ორსულმა თავი უნდა არიდოს ემოციურ სტრესს.

მოწევა და ალკოჰოლი იკრძალება, ორსული უნდა ერიდოს იმ ოთახში ყოფნას სადაც ეწევიან'

ორსულობის პირველ და ბოლო ორ თვეს სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული. პირველი ორი თვის განმავლობაში განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს მიმაგრების ზედაპირი არასაკმარისად აქვს განვითარებული, რის გამოც სქესობრივმა აქტმა შესაძლოა მისი აშრევება და თვითნებური აბორტი გამოიწვიოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი სქესობრივ ცხოვრებას შესაძლოა საშოსა და საშვილოსნოს ყელის დაზიანება და ინფექციის განვითარება მოჰყვეს. გარდა ამისა, სანაყოფე გარსის დაზიანების გამო შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა დაიწყოს.

ორსულმა უნდა ივარჯიშოს - ფიზკულტურა სახლის პირობებში ყველა ორსულისთვის ხელმისაწვდომია. ის ხელს უწყობს ორგანოების სისხლმომარაგებას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. მომავალი დედებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვარჯიშები, რომლებიც ავითარებს დიაფრაგმულ სუნთქვას, აძლიერებს მუცლისა და შორისის კუნთებს. ვარჯიშების კომპლექსს ნიშნავს ექიმი ორსულის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის, ორსულობის მიმდინარეობის, ფიზიკური ფორმის მიხედვით
ორსულობა - ვრცლად
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი