იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი

14/3/2022

ენდომეტრიოზი

Comments

Read Now
 
Picture
გინეკოლოგია - ვრცლად
ენდომეტრიოზი დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. ამ დროს ენდომეტრიუმის უჯრედების არანორმალური გამრავლება ხდება.

ენდომეტრიოიდულ წარმონაქმნებს უმეტესად უკონტურო ინფილტრატის ფორმა აქვს, ზოგჯერ კი კვანძს ან სქელი, ყავისფერი სითხით სავსე კისტურ წარმონაქმნს წააგავს. ენდომეტრიოზის დროს შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა, რის გამოც მას პოლისისტემური დაავადებების რიცხვს მიაკუთვნებენ.

ენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. 

ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა, რომლის დროსაც სასქესო სისტემის ტრავმირებულ უბნებში ენდომეტრიუმის იმპლანტაციის პირობები იქმნება. მაგალითად, აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ღრუს გახსნით ჩატარებული მიომექტომია.

ზოგიერთი ავტორის აზრით, ენდომეტრიუმის ლოკალიზაცია მუცლის ღრუს გარეთ (ჭიპის არეში, შარდის ბუშტში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში) ენდომეტრიუმის ნაწილაკების ლიმფოგენური და სისხლის გზით გამოთესვით არის განპირობებული.

ენდომეტრიოზის პათოგენეზის მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სასტემაში მომხდარი ჰორმონული ცვლილებებიც.

განასხვავებენ გენიტალიურ (95%) და ექსტრაგენიტალიურ (5%) ენდომეტრიოზს.

გენიტალიური ენდომეტრიოზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს შინაგანიც და გარეგანიც. შინაგანია ენდომეტრიოზის საშვილოსნოსა და მილის ფორმები, გარეგანი - საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის, საშვილოსნოს მრგვალი იოგების, გარეთა სასქესო ორგანოების, საშვილოსნოს ყელის უკან განვითარებული რეტროცერვიკალური ენდომეტრიოზი. ხშირად შინაგანი ენდომეტრიოზი გარეგანის რომელიმე ფორმასთან არის შერწყმული.

ექსტრაგენიტალიური ენდომეტრიოზი ყველაზე ხშირად ლოკალიზდება მსხვილ ნაწლავში, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში,  ჭიპში და სხვა. შესაძლოა, ორგანიზმში ერთდროულად არსებობდეს დაავადების რამდენიმე კერა, რომლებიც მენსტრუაციული ციკლის შესაბამის ციკლურ ცვლილებებს განიცდის.

ენდომეტრიოზი უპირატესად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. დაავადება ხშირად იწვევს ქალის მენსტრუაციული და რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.

დაავადების მთავარი ნიშანია პროგრესირებადი ტკივილი, რომელიც მენსტრუაციის წინა პერიოდში იჩენს თავს და განსაკუთრებით მწვავედ მენსტრუაციის დროს ვლინდება. ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ, გავის არეში, მუდმივი ინტენსიური ხასიათისაა, ზოგჯერ მწვავე მუცლის სურათს იძლევა. ენდომეტრიოზული წარმონაქმნების შიგთავსის (სისხლი, ჯირკვლების სეკრეტი) გარემომცველ ქსოვილებში მოხვედრა ტკივილს, ანთებით რეაქციას, ნაწიბურების, შეხორცებების განვითარებას იწვევს.

ენდომეტრიოზის დროს ირღვევა მენსტრუაციული ციკლი. კერძოდ, აღინიშნება გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც ხშირად წინ უსწრებს მცირეოდენი მუქსისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან.
ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფებში უნაყოფობის სიხშირე შედარებით მაღალია. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ანოვულაცია, ყვითელი სხეულის ფუნქციური უკმარისობა, საშვილოსნოს მილის დაზიანება, ენდომეტრიუმის ფუნქციური უკმარისობა.

ენდომეტრიოზის კლინიკურ სურათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პათოლოგიური პროცესის უპირატესი ლოკალიზაცია და მისი გავრცელების ხარისხი.

შინაგანი ენდომეტრიოზი (ადენომიოზი) საშვილოსნოს დაზიანებისას ვითარდება. ენდომეტრიოზის ასეთი ლოკალიზაცია ყველაზე ხშირია. გამოყოფენ საშვილოსნოს სხეულისა და ყელის ენდომეტრიოზს. საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის დროს გახანგრძლივებული, ჭარბი და ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია ვითარდება. საშვილოსნოდან გამოხატული სისხლდენა იწვევს ანემიას, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, ადვილად დაღლა, ზოგჯერ თავბრუხვევა, შრომის უნარის დაქვეითება. საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი ხშირია იმ ქალებში, რომელთაც ფსევდოეროზიის გამო დიათერმოკოაგულაცია აქვთ ჩატარებული.

საკვერცხეების ენდომეტრიოზი გენიტალიური ენდომეტრიოზის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მისთვის დამახასიათებელია ჰორმონული დარღვევები, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ნაწილები (მენსტრუაციის დროს ჩამოფცქვნილი ქსოვილი) საშვილოსნოს მილის პერისტალტიკის დარღვევის გამო ხვდება მუცლის ღრუში, მათ შორის საკვერცხეზე. ეს პროცესი ჯანმრთელ ორგანიზმშიც მიმდინარეობს, მაგრამ ჰორმონული ფონის დარღვევის (ჰიპერესტროგენემია), სპეციალური უჯრედების (მუცლის ღრუს მაკროფაგების, რომლებმაც უნდა გაანადგურონ ენდომეტრიუმის ნაწილები) არასათანადო აქტიურობის, ასევე მემკვიდრული წინასწარგანწყობის და სტრესის გამო საკვერცხის ენდომეტრიოზი ვითარდება. თავდაპირველად საკვერცხის ზედაპირზე ენდომეტრიოზული კერები, შემდეგ კი კისტა ჩნდება.

ენდომეტრიოზული კისტები სხვადასხვაგვარია:
  • არსებობს არცთუ დიდი (5 სმ დიამეტრის) ენდომეტრიოზული წარმონაქმნები, რომელთაც მკვეთრად გამოხატული კლინიკა აქვთ. ავადმყოფები მენსტრუაციამდე, მის შემდგომ ან სქესობრივი კავშირის დროს მუცლის ქვედა არეში მუდმივ ან პერიოდულ ტკივილს, უშვილობას უჩივიან. ასეთი კისტა ხშირად ორმხრივია, თან ახლავს საკვერცხეებში - სხვა ენდომეტრიოზული კერების, ხოლო მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესების არსებობა. მისი მკურნალობა ქირურგიულია. რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ენდომეტრიოზული უბნის მაქსიმალურად მოშორება. ოპერაციის შემდეგ ენდომეტრიოზის ზრდის შესაჩერებლად და დარღვეული ჰორმონული ფონის აღსადგენად ჰორმონული თერაპიის ჩატარებაა საჭირო.
  • არსებობს საკვერცხის ენდომეტრიოზის მეორე - კისტოზური ვარიანტიც. ენდომეტრიოზული კისტა, როგორც წესი, დიდი იზრდება, მაგრამ, რაც უნდა საკვირველი იყოს, დაავადება უსიმპტომოდ ან მინიმალური გამოვლინებებით მიმდინარეობს. მესტრუაციისა და სქესობრივი აქტის დროს პაციენტი ან სრულიად არ უჩივის მუცლის ტკივილს, ან ის უმნიშვნელოა, არ აღინიშნება უნაყოფობა, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები არ მიმდინარეობს. ასეთი კისტას, ჩვეულებრივ, შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევის ან ექოსკოპიის დროს. თუ კისტა დიდი ზომისაა, კაფსულა სკდება და პაციენტი მწვავე მუცლის შეტევით ქირურგიულ განყოფილებაში ხვდება. კისტის მოშორების შემდეგ ნაოპერაციევი საკვერცხის ფუნქციის აღსადგენად ჰორმონული პრეპარატები ინიშნება.
გაზიარება

Share

Comments
Details

    RSS Feed

გვერდის გაზიარება
Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია​
Picture
​© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • სასარგებლო
    • ბუკა კობეშავიძის გვერდი
    • იმედის კონსულტანტი
    • დედის სკოლა
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • ვიდეო სიუჟეტები
    • დღის შეთავაზება
    • პაციენტთა უფლებების დაცვა
    • შრომითი უფლებები
  • კონტაქტი