კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია: ქრონიკული გასტრიტის, წყლულოვანი პათოლოგიის, კუჭის კიბოს.
ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს გადაძღომამ, შეკრულობამ, ნერვულმა გადაძაბვამ, ძლიერმა სტრესმა. დაავადების გამომწვევი ფაქტორები რომ აღმოიფხვრას და მდგომარეობა გაუმჯობესდეს, პაციენტმა მთლიანად უნდა შეიცვალოს ცხოვრების სტილი - დაიცვას დიეტა და კვების რეჟიმი.
ურეჟიმო და არარაციონალური კვება - ჭამა ხანგრძლივი ინტერვალებით, მხოლოდ მშრალი საკვების მიღება, ცხარე საკვების სიყვარული - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გადატვირთვა-გადაძაბვას იწვევს. ცარიელ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჭარბად გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი წვენები, მათი დიდხანს დაყოვნების გამო კი იწყება ლორწოვანი გარსის მონელება, რამაც შესაძლოა წყლულის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.
ამრიგად, კვების რეჟიმსა და თვით საკვებს დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭის დაავადებების როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვისაც.
ამ დაავადებების გამწვავების პერიოდში იკრძალება შემწვარ-მოხრაკული და შებოლილი ხორცი, შაშხი, ლორი, ხორცის ნახარში, გაზიანი სასმელები. ნებადართულია: მოხარშული თევზი, საქონლისა და ქათმის ხორცი, ჭყინტი უმარილო ყველი, ბოსტნეულის სუპი.
სასურველია ფაფა (მათ შორის - წიწიბურასი), გამომშრალი (წინა დღის) პური. ეს დიეტა - შედარებით მკაცრი - ავადმყოფმა 1-1,5 თვის განმავლობაში უნდა დაიცვას, მერე კი, კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, რაციონის გაფართოება და გამრავალფეროვნებაც შეიძლება, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს შემწვარ-მოხრაკულ და ცხარე კერძებზე გადასვლას.
ღორის ხორცს უმჯობესია წყლულის ჩაცხრობის შემდეგაც ერიდოთ. ბოსტნეული (მაგალითად, კომბოსტო) მწვავე პერიოდში თუ მხოლოდ მოხარშულია ნებადართული, შემდგომ უმი ან მცენარეულ ზეთში მოშუშულიც შეიძლება მიირთვათ. კვება სასურველია დღეში ოთხჯერ, მცირე ულუფებით, თანაც ერთსა და იმავე დროს - წყლულოვანი დაავადების მკურნალობისას რეჟიმის დაცვა აუცილებელია.