პირველ ექვს თვეს ჩვილს თავზე შეიძლება ყვითელი ან თეთრი ქერქი გაუჩნდეს. მისი წარმოშობის მთავარი მიზეზი თა-ვის ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეციაა. სებორეული ქერქის - გნეისის წარმოქმნა ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა მოვლამ, არასწორად შერჩეულმა კოსმეტოლოგიურმა საშუალებამ ან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებამ. ქერქი უპი-რატესად თხემზე ჩნდება, შედარებით იშვიათად - ყიფლიბანდისა და შუბლის არეში.

თუ ბავშვს ყოველდღე აბანავებთ, კარგად ამშრალებთ, თავზე ნატურალური ქსოვილის ქუდს ახურებთ, მაგრამ სებორეული ქერქები მაინც რჩება, მიმართეთ პედიატრს, მანამდე კი კარგად დაფიქრდით:

  • იქნებ ჩვილს თავი უოფლიანდება, თქვენ გეშინიათ, არ გაცივდეს და სახლშიც ახურავთ ქუდს?
  • იქნებ პატარას სურნელოვანი შამპუნით აბანავებთ, მისი არომატული დანამატები კი ნაზ კანს აღიზიანებს? ბავშვს არ მიაკაროთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი შამპუნი, გამოიყენეთ მხოლოდ საბავშვო, ანტიალერგიული საშუალებები, რომლებიც აფთიაქებსა და საბავშვო მაღაზიებში იყიდება.
  • იქნებ თავს ყოველდღე ბანთ? ტანის ყოველდღე დაბანა მართლაც აუცილებელია, თავისა კი - არა, თორემ კანი გამოშრება და სებორეული დერმატიტი უფრო გაღრმავდება.
  • იქნებ ბავშვი ალერგიისკენ არის მიდრეკილი და იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული? ასეთ დროს ქერქი უფრო ხშირად წარმოიქმნება და დიდხანს არ ქრება.

გნეისის მოცილებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა კანი არ გაიკაწროს - ჭრილობაში ინფექციის შეჭრა გაცილებით მეტ პრობლემას შეგვიქმნის, ვიდრე თვით ქერქი. საჭიროა, შეარჩიოთ სწორი ტაქტიკა და ბავშვს ყოველდღე ჩაუტაროთ ჰიგიენური პროცედურები.

  • დაბანამდე ერთი საათით ადრე კანში კარგად შეაზილეთ საბავშვო ზეთი, გადადუღებული ზეთი ან თხევადი ვაზელინი. ჩამოაცვით თავზე ბამბის ქუდი და 15-20 წუთით ასე დატოვეთ, რათა ქერქები კარგად დარბილდეს. შემდეგ დავარცხნეთ და მერეღა შეუდექით დაბანას.
  • თავი კარგად ჩამობანეთ წყლითა და შამპუნით. გაამშრალეთ რბილი პირსახოცით. თმა ფენით არ გაუშროთ.
  • დარჩენილი ქერქი მოაცილეთ საბავშვო სავარცხლით. სპეციალური სავარცხელი, რომელსაც ბურთულებიანი ბოლოები აქვს, მასაჟორის ფუნქციას ასრულებს, ამშვიდებს პატარას და თმის ძირებსაც ასტიმულირებს.
    სათუთად მოაცილეთ ყიფლიბანდის მიდამოში არსებული ქერქი.