​ახალშობილი ამ სამყაროს ევლინება შთაბეჭდილებების დიდი მარაგით. ის შეგრძნებებს გრძნობის ყველა ორგანოს საშუალებით იღებს. ახალშობილს გააჩნია გრძნობის ხუთივე ორგანო: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხების და გემოს შეგრძნების ორგანოები.

ამ ეტაპზე უკვე საკმაოდაა შესწავლილი კვირების მიხედვით მუცლადყოფნის პერიოდში პატარას განვითარება.

მესამე კვირის ბოლოდან მას უკვე უცემს გული;

მეხუთე კვირაზე იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის განვითარებაში: იწყება ტვინის ქერქის ხვეულების ფორმირება, რაც მომავალში მზარდ ორგანიზმს მისცემს მოძრაობის, აზროვნების, ლაპარაკის, შემოქმედების საშუალებას;

მეცხრე კვირაზე ნაყოფის ენაზე უკვე ჩნდება გემოვნების რეცეპტორები და მას შეუძლია გაარჩიოს მის ირგვლივ არსებული სანაყოფე სითხის გემო და მოახდინოს მასზე რეაგირება;

მეათე კვირაზე მგრძნობიარე ხდება კანის მთელი ზედაპირი;

მეათე-მეთერთმეტე კვირა-ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვი გარკვევით გრძნობს შეხებას, სითბოს და სიცივეს, ტკივილს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მან უკვე იცის ამ იმპულსებზე რეაგირება. თუ შეგრძნებები მისთვის უსიამოვნოა, ის იცვლის მიმიკას;

მეთექვსმეტე კვირაზე ბავშვს უვითარდება სმენა. თავიდან მას დედის სხეულის ბგერები ესმის: გულისცემა, სისხლის ხმაური, პერისტალტიკის ბგერები. ის მათ დახშული სახით ღებულობს, რადგან ეს ბგერები წყლის გარემოს გავლით აღწევენ ბავშვამდე. შემდგომში ბავშვი ნელ-ნელა იწყებს გარე ბგერათა გაგონებასაც. დადგენილია ის ფაქტი, რომ მას შეუძლია ცალკეულ ბგერათა “დამახსოვრება” , ხმათა გარჩევა. ამ ეტაპზე ნაყოფს განვითარებული აქვს მგრძნობიარობის თითქმის ყველა ფორმა.

მეთვრამეტე კვირაზე კვირაზე ბავშვი თითებით ეხება ჭიპლარს, ამოძრავებს ხელებს, ეხება სახეს და ხელებით იფარავს მას უსიამოვნო ბგერების გაგონებაზე;

დაახლოებით მეოცე კვირაზე დედა გრძნობს პატარას მოძრაობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ხომ თქვენს პატარასთან პირველი შეხვედრაა-სხეულისმიერი კონტაქტი!

ორსულობის მეექვსე თვეზე ბავშვს ესმის, გრძნობს გემოს. ის რეაგირებს მაშინ, როდესაც თქვენ მუცელს ხელს შეახებთ;

მეცხრე თვეზე პატარას უვითარდება მხედველობა.

მაშ ასე, ჩვენ მოკლედ გავეცანით ნაყოფის გრძნობის ორგანოთა განვითარების საკითხს მუცლადყოფნის პერიოდში. სწორედ ამ ცოდნას ემყარება ბავშვთან დაბადებამდელი ურთიერთობის სხვადასხვა თეორია.