იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

აუცილებელი ინფორმაცია მეძუძური დედებისთვის

Read Now
 
მეძუძური დედის სრულფასოვანი კვება პატარის ნორმალურად ზრდისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. მეძუძური დედის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს დედის ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე, უზრუნველყოს სრულფასოვანი რძის წარმოქმნა. დედის რძეში ვიტამინების, მიკროელემენტების, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ნაკლებობა უარყოფითად აისახება წლამდე ასაკის ბავშვის განვითარებაზე.

პროდუქტები მეძუძური დედის რაციონში

ცილების შემცველი პროდუქტები: საქონლისა და ქათმის ხორცი, თევზი (სასურველია არაუმეტეს კვირაში ორჯერ), რძე და რძემჟავა  პროდუქტები, კვერცხი, ხაჭო.
ცხიმების შემცველი პროდუქტები: განსაკუთრებით სასარგებლოა მცენარეული მზესუმზირის, ზეითუნის ზეთი
ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები: უხეშად ნაფქვი ფქვილის პური, მარცვლეული, სხვადასხვა ფაფები, ხილი და ბოსტნეული. უნდა შეიზღუდოს იოლად ათვისებად ნახშირწყლები, როგორიცაა: შაქარი, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი
ვიტამინების შემცველი ხილი და ბოსტნეული, თუმცა თუ თქვენ პატარას კოლიკის ხშირი შეტევები აწუხებს, უმჯობესია აღნიშნული პროდუქტები მოხარშული სახით მიიღოთ
რეკომენდებულია ყოველდღიურად მიიღოთ 200 გრ ხორცი, ერთ ლიტრამდე რძე და რძემჟავა პროდუქტები, 100-150 გრ ხაჭო, ყველი, კვერცხი, ნახშირწყლებზე დღიური მოთხოვნილება შეადგენს 450-500გრ, ცხიმებზე კი 110-120 გრამს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარას საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებისათვის კალციუმის შემცველი პროდუქტები: ხაჭო, ყველი, რძემჟავა პროდუქტები.

სითხე 

მეძუძური დედისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, დღეღამეში არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ორი ლიტრისა, რაც მოიცავს ჩაის, წყალს, რძეს, შედარებით ნაკლები რაოდენობით წვენებს, რადგან თავიდან ავიცილოთ შაქრის მიღება. სითხე უნდა სვათ ხშირ ხშირად, წყურვილის გრძნობა ჩნდება ბავშვის ძუძუს წოვის პერიოდში, ამიტომ დაიდგით ამ დროს ჭიქა წყალი გვერდით. შეგიძლიათ მიმართოთ მარტივ ტესტს იმის შესაფასებლად იღებთ თუ არა საკმარისი რაოდენობით სითხეს: დააკვირდით თქვენს შარდს, თუ ის ღია ფერისაა, ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუ ძალზედ მუქია და მძაფრი სუნით ხასიათდება, ეს შესაძლოა გაუწყლოების პირველი ნიშანი იყოს.

შეზღუდვები

ერთი შეხედვით არსებობს მრავალი პროდუქტი, რაც არ უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ, იმისათვის რომ პატარას ალერგია არ განუვითარდეს ან კოლიკამ არ შეაწუხოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი პროდუქტი უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. თუ რომელიმე პროდუქტი განსაკუთრებით აწუხებს თქვენს პატარას, იწვევს რა მეტეორიზმს, შეგიძლიათ ამოიღოთ გარკვეული ხნით, დაახლოებით ერთი თვე და შემდეგ გადახედოთ რაციონს. ასევე ვრცელია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ობლიგატურ ალერგენებს შეიცავენ, თუმცა აქაც შეგიძლიათ დაკვირვების შედეგად განსაზღვროთ, კონკრეტულად რა იწვევს ალერგიულ რეაქციას და ნახავთ, რომ სულ ერთი-ორ პროდუქტზე მოგიწევთ უარის თქმა. ალერგიის ნიშანი შეიძლება იყოს გამონაყარი, დიარეა, ცხვირის „გაჭედვაც“ კი. თუ რომელიმე ამ ნიშანთაგანს შენიშნავთ, ამოიღეთ  სულ მცირე ერთი კვირით ალერგიის გამომწვევი პროდუქტი საკვები რაციონიდან და დააკვირდით შეიცვლება თუ არა თქვენი პატარას მდგომარეობა.

ალერგიის გამომწვევი პროდუქტებია: თხილი, ნიგოზი, თაფლი, თევზი, კვერცხი, ქათმის ნახარში, ახალი რძე, ციტრუსი, გარგარი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი და ა.შ

და ბოლოს, ის რასაც განსაკუთრებით თავი უნდა ავარიდოთ ძუძუთი კვების პერიოდში, ალკოჰოლი და კოფეინია. არ არსებობს ალკოჰოლის დონე დედის რძეში, რაც უსაფრთხოდ ჩაითვლება პატარასათვის. რაც შეეხება კოფეინს, დასაშვებია დღეში 2-3 ფინჯანი კოფეინის შემცველი სასმელის მიღება. გახსოვდეთ, რომ კოფეინმა შესაძლოა იმოქმედოს თქვენი პატარას გუნება-განწყობაზე და ძილზე.​

რძის გამოწველა

მშობიარობის შემდეგ პირველ დღეებში რძე დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, რის გამოც სარძევე ჯირკვალში ხდება შეგუბება, აღინიშნება ტკივილი და შესაძლოა განვითარდეს მასტიტი, თუმცა საჭიროა სიფრთხილე,  რადგან არ მოვახდინოთ ჰიპერლაქტაციის სტიმულირება, ამის თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

არ გამოიწველოთ რძე პირველი 24 საათის განმავლობაში;
რძე გამოიწველეთ 1-3 დღეში, მაგრამ არა ბოლომდე, არამედ მდგომარეობის შემსუბუქებამდე
არ გამოიწველოთ რძე ღამის საათებში (საღამოს 9 სთ-დან დილის 9 სთ-მდე)
თუ უკვე აღინიშნება მასტიტი, სასურველია გამოწველა მოხდეს ძუძუს მასაჟთან ერთად: 5 წუთიანი მასაჟის (მსუბუქი წრიული მოძრაობები დვრილის მიმართულებით) შემდეგ  გამოწველა გაგრძელდეს 5 წუთის განმავლობაში, ასე გავიმეორეოთ სამჯერ.

რძის გამოწველა შესაძლებელია ხელითაც და სპეციალური რძის გამოსაწველი აპარატებით, თუ თქვენ რძის გამოწველა არც ისე ხშირად გჭირდებათ, საკმარისი იქნება რძე ხელით გამოიწველოთ.

ხელით გამოწველისას კარგად დაიბანეთ ხელები, მოათავსეთ დიდი და საჩვენებელი თითები დვრილის ორივე მხარეს დაახლოებით 3-5 სმ მოშორებით და რიტმული ზეწოლის შედეგად დვრილის მიმართულებით გამოიწველეთ რძე. გახსოვდეთ, თუ თითები ახლოს იქნება დვრილთან, იგრძნობთ ტკივილს და ამასთან გამოწველილი რძის რაოდენობაც იქნება მცირე. რძე შეაგროვეთ სტერილურ, ღია ყელის მქონე ჭურჭელში.  ელექტრო და ხელის რძის გამოსაწველი აპარატების მეშვეობით შეძლებთ უფრო ეფექტურად გამოიწველოთ რძე. აღნიშნული აპარატები ახდენს ძუძუს წოვის იმიტირებას და არ იწვევს ტკივილს. გამოწველილი რძის შენახვა უნდა მოხდეს სპეციალურ ბოთლებში ან კონტეინერებში.

რძის შენახვის წესები

დედის რძის შენახვა უნდა მოხდეს სპეციალურ, მჭიდროდ  დახურულ ჭურჭელში. დედის რძე ოთახის ტემპერატურაზე ინახება 8-12  სთ-ის განმავლობაში, მაცივარში 8-11 დღე, ხოლო საყინულეში თვეების მანძილზე, თუმცა რძე გაყინვისას კარგავს ზოგიერთ სასარგებლო თვისებებს, ამიტომ უმჯობესია გამოწველილი რძე უახლოეს პერიოდში გამოიყენოთ.

ცხიმების მაღალი შემცველობის გამო, ხდება შრეებად დალექვა ნებისმიერ პირობებში შენახვისას, რაც  ნორმალური მოვლენაა და კვლავ ერთგვაროვანი სტრუქტურის გახდება, თუ ფრთხილად შევანჯღრევთ. რაც შეეხება შენახული რძის გათბობას, დაუშვებელია მისი გაცხელება, შეთბობა უნდა მოხდეს თბილ წყალში რამდენიმე წუთით მოთავსებით. თუ თქვენი პატარა რძეს ბოლომდე არ მიიღთმევს, დარჩენილი რძე  ხელმეორედ არ უნდა შეინახოთ, დაუყონებლივ გადაღვარეთ.
  • გამოწველის შემდეგ რძე რაც შეიძლება მალე უნდა შეინახოთ
  • თუ აპირებთ რძის გაყინვას, ჯერ მოათავსეთ 1-2 სთ-ით მაცივარში და მხოლოდ ამის შემდეგ საყინულეში
  • გადნობის შემდეგ რძე მაცივარში ინახება 24 საათის განმავლობაში
  • დაუშვებელია გამდნარი რძის ხელმეორედ გაყინვა
  • დაუშვებელია ახლად გამოწველილი რძის შერევა ცივ რძესთან

ლაქტაციის სტიმულირება

ლაქტაციის სტიმულაცია მხოლოდ მაშინაა საჭირო, როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენს პატარას რძე არ ყოფნის.
  • თუ თქვენი პატარა არ იძინებს კვების შემდეგ, არამედ გამოხატავს უკმაყოფილებას
  • კვებათა შორის შუალედებს ამცირებს და შედარებით ადრე იღვიძებს
  • ირღვევა კუჭის მოქმედება – უფრო იშვიათია, მკვრივი კონსისტენციისა და მუქი შეფერილობის
  • შარდვის სიხშირე მცირდება დღე-ღამეში 6-8-ზე ნაკლები (როდესაც არ ვლინდება გაუწყლოვნების სხვა აშკარა მიზეზი – ნაწლავური ინფექცია, სხეულის ტემპერატურის მატება, გადახურება)
  • არ ხდება ასაკის შესაბამისად წონაში მატება.თუ ზემოთ აღნიშნული ნიშნებიდან ორი ან მეტი შენიშნეთ, უნდა დაფიქრდეთ ლაქტაციის სტიმულაციაზე.

ლაქტაციის სტიმულირების გზები მის ფიზიოლოგიურ მექანიზმებზეა დაფუძნებული. რძის გამომუშავება ხდება სარძევე ჯირკვლებში ჰორმონი პროლაქტინის ზემოქმედებით, რომელიც წარმოიქმნება  ჰიპოფიზის წინა წილში. როდესაც პატარა წოვს ძუძუს, ხდება არეოლის ირგვლივ მდებარე ნერვული დაბოლოებების სტიმულაცია, რის შედეგადაც ჰიპოფიზში წარმოიქმნება ორი ჰორმონი: ოქსიტოცინი, რომელიც ახდენს სარძევე ჯირკვლის სადინრების შეკუმშვას და პროლაქტინი, რომელიც უშუალოდ იწვევს რძის წარმოქმნას სარძევე ჯირკვლებში. სარძევე ჯირკვლის ტერმინალურ  ნაწილებში წნევის ამტება გადავსების შედეგად წარმოადგენს სიგნალს პროლაქტინის წარმოქმნის დათრგუნვისათვის და რძის პროდუცირებაც კლებულობს.  პროლაქტინის ინტენსიური გამომუშავება ხდება ღამით და დღის ძილის პერიოდში. ლაქტაციის ბუნებრივი მექანიზმების გაგება  მისი მართვისა და სტიმულაციის შესაძლებლობას იძლევა.

ძუძუთი კვების მიმართ დედის  დამოკიდებულება, მისი ძლიერი სურვილი გამოკვებოს პატარა ბუნებრივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლაქტაციის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში

დედის ზოგადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მეძუძურმა დედამ თავი უნდა აარიდოს სტრესულ სიტუაციებს, დაიცვას ძილისა და დასვენების რეჟიმი, რადგან სტრესის დროს გამომუშავებული ადრენალინი აფერხებს ლაქტაციის ფიზიოლოგიურ მექანიზმებს

პროლაქტინის პროდუქციის სწორი სტიმულაცია, რაც მდგომარეობს შემდეგში:
  • ბავშვის კვება უნდა მოხდეს პატარას პირველივე მოთხოვნისთანავე
  • ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პატარა ითხოვს
  • ძალზედ მნიშვნელოვანია ღამით კვება
  • აუცილებელია კვების პერიოდში არეოლის მიდამოს სწორი სტიმულაცია (ძუძუთი კვების წესები)
  • აუცილებელია ძუძუს სრულად გამოცლა, თუ თქვენი პატარა ბოლომდე ვერ წოვს რძეს, შეგიძლიათ გამოიწველოთ რძე სპეციალური აპარატების მეშვეობით, რომლებიც ახდენენ ბუნებრივი კვების იმიტირებას

ლაქტაციის სტიმულაციაში დაგეხმარებათ დამატებითი მეთოდები, როგორიცაა:
  • ძუძუთი კვების შუალედებში თვითონვე მოახდინეთ დვრილების სტიმულირება
  • ლაქტაციაზე დადებითად მოქმედებს ძუძუს მასაჟი კვებამდე და მის შემდეგ, დაზელა თბილი, სველი პირსახოცით.
  • დღეში მიიღეთ 2 ლიტრი ოდენობის სითხე (არ გამოიყენოთ ძროხის რძე, რაც არამცთუ არ დაგეხმარებათ, არამედ პირიქით შესაძლოა პატარას კოლიკის მიზეზი გახდეს
  • ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად, არც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ ლაქტაციის გაძლიერებას, მეორეს მხრივ კი რძის პატარასათვის საჭირო ნივთიერებებით,  ვიტამინებით გამდიდრებას
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაქტაციის ბუნებრივი სტიმულატორები, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ აფთიაქებში, ლაქტაციის მასტიმულირებელი სპეციალური ჩაი, მეძუძური დედებისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტები.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი