იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

მტკივნეული მენსტრუაცია

Read Now
 
​​სისუსტე, სიმძიმის შეგრძნება და მუცლის უმნიშვნელო ტკივილი კრიტიკულ დღეებში, ალბათ, არავის გაუკვირდება. ეს სიმპტომები მეტწილად ხანმოკლეა, მენსტრუაციის პირველ დღეებში იჩენს თავს და 2-3 დღეს გრძელდება.

ქალის ზოგად მდგომარეობასა და შრომის უნარზე ის არცთუ ისე დიდ გავლენას ახდენს. მენსტრუაცია, ყოველთვიური სისხლიანი გამონადენი საშოდან, მხოლოდ ქალის ორგანიზმი-სთვის არის დამახასიათებელი. მტკივნეული მენსტრუაცია ანუ ალგომენორეა მენსტრუაციული ფუნქციის დარღვევაა, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილის, წელისა და გავის მიდამოს შეტევითი და მღრღნელი ტკივილით გამოიხატება.

ზოგჯერ ტკივილი გადაეცემა ბარძაყში, სწორ ნაწლავში. ამასთანავე, მენსტრუაციას ხშირად თან სდევს ძლიერი საერთო სისუსტე. ძლიერი ტკივილი ყოველდღიურ აქტივობას ზღუდავს. ყრუ ან ზომიერ მტკივნეულობას 14-დან 45 წლამდე ასაკის ქალების 60-70% უჩივის, ათიდან ერთ შემთხვევაში კი მენსტრუაციული ტკივილი ინტენსიურია, საგრძნობ გავლენას ახდენს ქალის ზოგად მდგომარეობაზე და მკვეთრად აქვეითებს მის შრომისუნარიანობას.

ტკივილი მენსტრუაციამდე 1-2 დღით ადრე ან მენსტრუაციის პირველ დღეს იწყება და ორ-სამ დღეში გაივლის. არცთუ იშვიათად მას თან სდევს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა. ამ დროს ტკივილის ინტენსივობა ფასდება:
შრომის უნარის დაქვეითების ხარისხით. ქალს უჭირს ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეცადინეობა, სამსახურში სიარული. იძულებულია, იწვეს.
მიღებულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა (ტაბლეტების და/ან ინექციების) რაოდენობით.
მიუხედავად ყველაფრისა, მტკივნეულ მენსტრუაციასაც აქვს დადებითი მხარე - თუ ყველა სხვა მიზეზი გამოვრიცხეთ, ის ოვულაციური ციკლის უტყუარი მაჩვენებელია.

მტკივნეული მენსტრუაცია ასიდან 75-ზე მეტ შემთხვევაში არანამშობიარევ ქალებს აღენიშნებათ, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ზოგიერთს ის რამდენიმე მშობიარობის შემდეგაც აწუხებს. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ქალის ორგანიზმის ანატომიური და ფუნქციური თავისებურებები. მენსტრუაციის დროს ტკივილს უმეტესად ბუნებრივი ნივთიერებები - პროსტაგლანდინები იწვევს. მენსტრუაციის პერიოდში ორგანიზმში მათი დონე მომატებულია. მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს:

• გადაცივება;
• ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა;
• ინფექცია;
• საშოსშიგა სპირალი;
• შინაგან სასქესო ორგანოთა დაავადებები, უმეტესად - ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთებითი პროცესები, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა, ინფანტილიზმი (სასქესო ორგანოების მოუმწიფებლობა), საშვილოსნოსა და მისი დანამატების სიმსივნეები, მენჯისმიერი ნევრიტები.

ალგომენორეის აღმოცენებაში წამყვან როლს ასრულებს გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, თანმხლები ექსტრაგენიტალური დაავადებები, აუტოსენსიბილიზაცია (ორგანიზმის ზემგრძნობელობა თავისივე სასქესო ჰორმონების - ესტროგენების, პროგესტერონის - მიმართ). ასეთი რამ ხშირია სასქესო ორგანოების განუვითარებლობის (ინფანტილიზმის), საშვილოსნოს ტანის მკვეთრი გადახრის (რაც მენსტრუაციული სისხლის გამოსვლას აძნელებს), აბორტის შემდეგ საშვილოსნოს ყელის შეხორცების, საშვილოსნოს მანკის დროს.

მტკივნეული მენსტრუაცია უმეტესად არამყარი ფსიქიკის მქონე ქალებს შორის გვხვდება. ნერვული სისტემის მომატებული აღგზნებისას მენსტრუაციის თანმხლები მცირედი უქეიფობა შესაძლოა ნამდვილ დეპრესიაში გადაიზარდოს. ხშირად ამას თან სდევს ლიბიდოს დაქვეითება, რასაც ხელს უწყობს სქესობრივი ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობა, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს და ა.შ. მენსტრუაციის დროს ჩამოფცქვნილი ენდომეტრიუმის გამოსადევნად საშვილოსნო რიტმულად იკუმშება.

ზოგიერთ ქალს მუცლის ღრუში ტკივილის რეცეპტორები მეტისმეტად მგრძნობიარე აქვს და ყოველ შეკუმშვაზე ტკივილით რეაგირებს. მენსტრუაციული ტკივილი ხშირად ჰორმონული დისბალანსით - პროგესტერონსა და პროსტაგლანდინებს შორის თანაფარდობის დარღვევით არის განპირობებული. პროსტაგლანდინები სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც მენსტრუაციულ ტკივილს იწვევს.

ისინი საშვილოსნოში წარმოიქმნება და მის შეკუმშვას ასტიმულირებს. რაც უფრო მეტია პროსტაგლანდინების ოდენობა ორგანიზმში, მით უფრო ძლიერია საშვილოსნოს შეკუმშვისა და, შესაბამისად, ტკივილის ინტენსივობაც. პროსტაგლანდინების სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა სიმპტომებიც: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, ოფლიანობა, შემცივნება, ტაქიკარდია. მტკივნეული მენსტრუაცია, უძილობა და წონის კლება ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობის მომატებასაც სდევს თავს.

არის შემთხვევები, როდესაც გოგონას ორგანიზმის ანატომიურ თავისებურებათა გამო მენსტრუალური სისხლი გარეთ ვერ გამოდის. ეს ანომალია იშვიათად გვხვდება, მაგრამ მისი შედეგები შესაძლოა მეტად სერიოზული აღმოჩნდეს. ვინაიდან მენსტრუაციული სისხლის ორგანიზმიდან გამოსვლის საშუალება არ არსებობს, საშვილოსნო ივსება მენსტრუაციული სისხლით. გოგონას ყოველთვიურად ან უფრო იშვიათად მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი აწუხებს. პირველ ხანებში ტკივილი შესაძლოა გამაყუჩებელმა საშუალებებმა მოხსნას, მაგრამ მერე და მერე `უხილავი~ მენსტრუაცია სულ უფრო ძლიერი ტკივილით ვლინდება. საშვილოსნო დიდდება. ინფექციის თან დართვის შემთხვევაში ვითარდება ანთებითი პროცესი. ასეთი გოგონები ხშირად გადიდებული, მტკივნეული მწვავე მუცლით მიჰყავთ საავადმყოფოში.

მათთვის, ვისაც პირველადი ალგომენორეა აქვს, რეკომენდებულია:
​
• მენსტრუაციულ კალენდარში აუცილებლად აღნიშნონ ტკივილის დღეები და მათი ინტენსივობა;
• დაიცვან შრომისა და დასვენების რეჟიმი;
• მენსტრუაციული ციკლის მეორე ფაზაში და მენსტრუაციის დროს შეზღუდონ ფიზიკური დატვირთვა;
• შეზღუდონ სქესობრივი კონტაქტების რაოდენობა.
ტკივილის შესამცირებლად გამოიყენება სპაზმის მომხსნელი საშუალებები და ანალგეტიკები (ნო-შპა), აგრეთვე - პროსტაგლანდინების დამთრგუნველი საშუალებები (ასპირინი, ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, ვოლტარენი), ესტროგენისა და გესტაგენის შემცველი პრეპარატები. ტკივილი ხშირად საგრძნობლად მცირდება ან ქრება ჩასახვის საწინააღმდეგო ორალური საშუალებების რეგულარული გამოყენებისას. თუ ალგომენორეა ამა თუ იმ პათოლოგიით არის გამოწვეული, აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. ამასთან ერთად:
• ერიდეთ სურსათს, რომელიც შეიცავს მარილს, ნატრიუმს, კოფეინს.
• შეზღუდეთ ტკბილი და ცხიმიანი საკვების მიღება.
• გაზარდეთ რაციონში მაგნიუმისა და კალციუმის წილი.
• სვით ბალახეული (გვირილის, პიტნის) ჩაი.
• ტამპონების მაგივრად გამოიყენეთ საფენები.
ზოგიერთ ქალს ტკივილს უმცირებს ფიზიკური აქტივობა. მაგალითად, ასეთი ვარჯიში:
დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხები და მიაყრდენით კედელს. გაუნძრევლად იწექით 15 წუთის განმავლობაში და ეცადეთ, მოდუნდეთ. 

როდის მივმართოთ ექიმს?

- გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგის კონსულტაცია აუცილებელია, როცა:
• ტკივილი აუტანელია;
• ბოლო რამდენიმე თვეა, მენსტრუაცია განსაკუთრებით მტკივნეულია;
• მენსტრუაცია ჩვეულებრივზე ხანგრძლივია, ხოლო გამონადენი - ჭარბი; 
• იმატებს სხეულის ტემპერატურა;
• სხეულზე ჩნდება გამონაყარი;
• ტკივილი მენსტრუაციის შემდეგაც არ ცხრება.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი