- ორსულობის დაგეგმვისას უნდა ვეცადოთ, გამოვრიცხოთ როგორც გარემოს არასასურველი ზემოქმედება, ასევე გადახრები მშობლების ჯანმრთელობის კუთხით. ჩასახვა ნორმალურად რომ მოხდეს და ორსულობა გართულებათა გარეშე წარიმართოს, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება როგორც დაორსულებამდე, ასევე დაორსულების შემდგომაც. თუ ქალი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, ჯერ კიდევ ჩასახვამდე უნდა იზრუნოს პატარას ჯანმრთელობაზე. თავდაპირველად მომავალმა დედამ უნდა მიმართოს გინეკოლოგს – სასურველია, იმ ექიმს, რომელთანაც რეგულარულად გადის კონსულტაციას და რომელიც უფრო უკეთ არის გათვითცნობიერებული ინდივიდუალური პრობლემებისა თუ გადახრების თაობაზე. ასევე უნდა მიმართოს ექიმს მეუღლემაც. აუცილებელია მომავალი მშობლების ანამნეზის შეკრება, რათა შეფასდეს მათი ჯანმრთელობა და მემკვიდრეობა. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა სპეციალისტების: თერაპევტის, ნევროლოგის, ოკულისტის, კარდიოლოგის – კონსულტაციაც. განსაკუთრებული ყურადღება, ცხადია, სჭირდება მომავალ დედას. განვითარების შესაძლო მანკებისა და გადახრების თავიდან ასაცილებლად, გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად, საჭიროა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა, ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი, საეჭვო შემთხვევებში კი ორგანიზმის უფრო გულდასმით შესწავლა. ჩვეულებრივ გამოკვლევას აუცილებლად უნდა დაემატოს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს უკანასკნელი უმჯობესია ჩატარდეს კრიტიკული დღეების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში.
- რომელი ინფექციებია განსაკუთრებით საშიში ნაყოფის განვითარებისთვის?
- ზოგიერთი ინფექცია, რომელთა მატარებელიც შეიძლება იყოს როგორც მამა, ასევე დედა, ნაყოფის დაღუპვის ან თანდაყოლილი სიმახინჯის მიზეზად იქცევა. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შემდეგი გამომწვევები:
- ვირუსები (მარტივი ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, წითურა, ენტეროვირუსი, B და ჩ ჰეპატიტის ვირუსები, ადენოვირუსი, აივ-ი);
- ბაქტერიები (ქლამიდია, ტრეპონემა, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, კლებსიელა);
- უმარტივესები (ტოქსოპლაზმა, მალარიის პლაზმოდიუმი);
- სოკო კანდიდა (რძიანას გამომწვევი).
- რა საფრთხეს უქადის გრიპის ვირუსი ორსულს?
- ამ საფრთხეზე ხშირად საუბრობენ, რადგან გრიპმა მართლაც შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს. მოსალოდნელია გართულებები თირკმელებზე, გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემებზე, აბორტი და ნაადრევი მშობიარობა. გარდა ამისა, გრიპის შემდეგ ორგანიზმი უფრო ადვილად შეიძლება დასნებოვდეს პნევმოკოკური ან სტაფილოკოკური ინფექციით. გრიპის შედეგი შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე იყოს ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიაზე (მე-12 კვირამდე), როდესაც ყალიბდება მნიშვნელოვანი ორგანოები და სისტემები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დედის იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა – გაკაჟება, ვიტამინების მიღება და სრულფასოვანი კვება.
- ბაქტერიული ინფექციებიდან ორსულისთვის რომელია განსაკუთრებით საშიში?
- ბაქტერიული ინფექციებიდან შედარებით საშიშია ტოქსოპლაზმოზი. ამ ინფექციით დასნებოვნება ხდება ინფიცირებულ ხორცთან ან კატასთან კონტაქტის გზით. თუ ქალმა დაორსულებამდე გადაიტანა ეს ინფექცია, იმუნიტეტი სამუდამოდ დარჩება. საფრთხე ორსულობის ვადასთან ერთად იზრდება. პირველ ტრიმესტრში დასნებოვნებამ შესაძლოა არავითარი გართულება არ გამოიწვიოს. მეორე ტრიმესტრში თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის განვითარების რისკი 20%-მდე იზრდება – გამომწვევი გროვდება თავის ტვინში, აზიანებს ნაყოფის თვალებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ყველაზე ხშირი შედეგებია ქალასშიგა წნევის მომატება, გონებრივი ჩამორჩენილობა, ეპილეფსია და სიბრმავე. მესამე ტრიმესტრში დაავადების განვითარების ალბათობა 50-60%-მდე იზრდება. მიუხედავად ამისა, ტოქსოპლაზმოზი ორსულობის შეწყვეტის აბსოლუტურ ჩვენებად არ მიიჩნევა. თუ ანალიზის შედეგები დამაკმაყოფილებელია, ხოლო ულტრაბგერითი გამოკვლები ორგანულ ცვლილებებს არ ავლენს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ორსული უნდა ერიდოს კატასთან კონტაქტს და თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი მიირთვას. რაც შეეხება კანდიდოზს (რძიანა), მიკოპლაზმოზს, ტრიქომონიაზს, ქლამიდიოზს, – ისინიც საშიშია დედისა და ნაყოფისათვის, რადგან მათი მძიმე მიმდინარეობისას იზრდება სპონტანური აბორტისა და მკვდრადშობადობის რისკი. თანამედროვე მეთოდებით დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში მათგან განკურნება შესაძლებელია, ოღონდ აუცილებელია შესაბამისი ანალიზების ჩატარება და ექიმის კონსულტაცია.
